თვითმხილველი: მოზარდები ვიღაც გოგოს სახელს ახსენებდნენ

გუშინ, წითელ ბაღში მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველის, მეეზოვე იუზა პაპუნაშვილის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას დაახლოებით ათი ბიჭი იმყოფებოდა და ვიღაც გოგოს სახელს ახსენებდნენ. როგორც მან აღნიშნა, მათი კამათის ხმა საკმაოდ შორ მანძილზე ისმოდა.
“ათი ბიჭი მაინც იქნებოდა, ვიღაცა გოგო სახელს ახსენებდნენ თავდაპირველად, შემდეგ ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ერთ ბიჭს სამი პირი აგინებდა, ხმა საკმაოდ შორ მანძილზეც ისმოდა. ხოლო დანა თუ “შპიცი” როდის დაარტყა, ეგ უკვე აღარ ვიცი”,- ამბობს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წითელ ბაღში დაპირისპირება მოხდა, რაც ორი მოზარდის დაჭრით დასრულდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს მომხდარ დანაშაულის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები