“ეს ყველაფერი მშობლების ახირებაა” – რას აცხადებს სკოლის დირექტორი, რომელსაც უკვე სამი ბრალდებული ჰყავს

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ სამართალდამცველებმა მისი კიდევ ერთი მოსწავლე დააკავეს, დანაშაული „წითელ ბაღში“ მომხდარ 3 მოსწავლის დაჭრის ფაქტს ეხება.
„ძალიან კარგი, თუ დაიჭირეს. ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს. დღეს უფროსი კლასიდან რამდენიმე მოსწავლე დაკითხვაზე იმყოფებოდა და სკოლაში არ გამოცხადებულან, ალბათ დანაშაული გამოიკვეთა და დააკავეს. სკოლაში ა.ნ. ინიციალებით ნამდვილად გვყავს. სკოლის დირექცია სასტიკი წინააღმდეგია ბანკეტების, ეს ყველაფერი მშობლების ახირებაა. როგორ შეიძლება ერთმანეთი გაიმეტონ და თან ბანკეტის გამო” – აცხადებს ხათუნა ბარაბაძე.
ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის ინფორმაციით, წითელ ბაღში მომხდარ ინციდენტში, რა დროსაც 35-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე დაიჭრა, ცივი იარაღი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლემ გამოიყენა.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში 9 კლასი და შემდეგ გადავიდა 35-ე სკოლაში. როდესაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ბანკეტის გაკეთება, დაპატიჟეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად კიდევ სხვა პირები, რომლებიც ასევე, ადრე სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მათი დაპატიჟება არ მოეწონათ მათ სხვა კლასელებს და თქვეს, რომ ეს შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კლასთან და არა ერთ-ორ პიროვნებასთან. ამის გასარკვევად, თუ რატომ არ სურდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, ბავშვები ერთმანეთს შეხვდნენ, მდგომარეობის გარკვევის მიზნით. დაიძაბა ურთიერთობა. ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი, ზოგს სურდა, ორი-სამი პირი არ ყოფილიყო ბანკეტზე და აქედან წარმოიშვა ეს კონფლიქტი. ამ დაძაბული საუბრიდან გამომდინარე, ერთ-ერთმა ცივი იარაღი გამოიყენა”, – განაცხადა ადვოკატმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს მომხდარ დანაშაულის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის მოსწავლე მოკლეს, დანაშაულზე დაკავებული ორი მოზარდი პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები