კანადაში სერიული მკვლელი ჰომოსექსუალთა ცხედრებს ყვავილების ქოთნებში ინახავდა – ბრალდებული დაკავებულია
ტორონტოში ლანდშაფტური დიზაინერი ბრიუს მაკარტური დააკავეს, რომელსაც ჰომოსექსუალების სერიულ მკვლელობებში ადანაშაულებენ. ამის შესახებ კანადური მედია იუწყება.
ბრიუს მაკარტური 18 იანვარს სელიმ ესენის და ენდრიუ კისნმანის მკვლელობის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მოგვიანებით, პოლიციამ კიდევ სამი მოკლულის ცხედარი იპოვა. ორი მათგანი მანამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. სამართალდამცველებმა ცხედრების ნაწილები ყვავილების დიდ ქოთნებში აღმოაჩინეს. იგეგმება კიდევ იმ 30 ადგილის შემოწმება, სადაც 66 წლის მაკარტური მუშაობდა.
„მიგვაჩნია, რომ უფრო მეტ მსხვერპლს მივაგნებთ. ჯერ-ჯერობით ზუსტ ციფრს ვერ დავასახელებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას ახალ ბრალდებას წავუყენებთ.“-განაცხადა დეტექტივმა ჰენქ იდსინგამ, რომელიც ამ გამოძიებას ხელმძღვანელობს. მედიის ინფორმაციით, ყველა მოკლული ტორონტოს იმ უბანში ცხოვრობდა, რომელიც მეტწილად ლგბტ-თემის წარმომადგენლების მიერ არის დასახლებული.