რას საქმიანობენ ყოფილი პარლამენტარები – „მეტი პასუხისმგებლობაა, არც დეპუტატის იმუნიტეტი გვიცავს“
ხშირად ამა თუ იმ მოწვევის პარლამენტი ისე ასრულებს საქმიანობას, რომ ზოგიერთი პასიური დეპუტატის შესახებ საზოგადოებამ სრულიად არაფერი იცის.
არაერთი გამოკითხვა გვინახავს, როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ არ იციან ვინ არის მათი მაჟორიტარი, რადგან არც ეკრანზე უნახავთ და მით უმეტეს, არც ამომრჩეველთან შეხვედრით გამოირჩევიან. ეს ტრადიცია არც წინა – მერვე მოწვევის ზოგიერთ დეპუტატს დაურღვევია, თუმცა, რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც კანონშემოქმედებითი საქმიანობით, ხმაურიანი განცხადებებით თუ სხვა სახის აქტიურობით დაგვამახსოვრეს თავი. „კვირა“ სწორედ რამდენიმე მათგანის ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ გიამბობთ:

თამაზ მეჭიაური: როგორც მოგეხსნებათ, თიანეთის მერის პოზიცია მიკავია, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა უფრო მეტ ტვირთს მოითხოვს, მართალია არც დეპუტატია უსაქმურად, თუ მას გული შესტკივა ქვეყანაზე, მაგრამ ის გაცილებით დაცულია, ყოველდღიურ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა პრაქტიკულად არ აქვს, ერთადერთი მას შემდეგ რაც ამოეწურება თავისი სადეპუტატო ვადა, ამომრჩევლის წინაშე, რომ წარდგება, იქ პოლიტიკურად შეიძლება აგოს პასუხი. ჩვენ კიდევ ყოველდღიური კონტროლის ქვეშ ვიმყოფებით, როგორც საკრებულოს, ასევე მოსახლეობის მხრიდან, ასე რომ, ჩვენთან მეტია პასუხისმგებლობა და არც დეპუტატის იმუნიტეტი გვიცავს“, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.
ანი მიროტაძე: 25-წლიანი აქტიური ცხოვრების შემდეგ, პირადი ცხოვრებისთვისაც მოვიცალე, ასე რომ, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ჩემ შვილთან და ამის ბედნიერება საკუთარ თავს არ მოვაკლო, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საქმიანობა, ამჟამად დაკავებული ვარ რამდენიმე პროექტით, ვმუშაობ გამოცემაზე და ასევე ვახორციელებ კიდევ ერთ პროექტს ამერიკელებთან ერთად, ქართულ–ამერიკული პროექტია.

რაც შეეხება პოლიტიკას, მასში იმდენად აქტიურად ვეღარ ვარ ჩართული, თუმცა ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას, იცით, რომ დავაფუძნეთ „შენების მოძრაობა“ და აქტიურად ვემზადებით პოლიტიკური სეზონისთვის. დაახლოებით 2 თვეში მედიისთვის ბევრი სიახლე გვექნება. ასევე ხაზგასასმელია, რომ პირველად მაქვს შესაძლებლობა პოლიტიკურ პროცესებს თვალ–ყური გვერდიდან ვადევნო უფრო ობიექტურად. როგორც მოგეხსენებათ, ადრე როდესაც ჟურნალისტიკაში ვიყავი, უფრი აქტიურად ვადევნებდი თვალ–ყურს პროცესებს, მერე ვიყავი ოპოზიციაში, მერე პარლამენტში მოვლენების შუაგულში – ასე რომ, ახლა ძალიან კარგი პერიოდია ბევრი რამის გადასაფასებლად.
გოგი თოფაძე:
მართალია პარლამენტში აღარ ვარ, მაგრამ მყავს გუნდი, რომელიც აქტიურობს. მეც ჩართული ვარ ამაში, რომ მომავალში ჩვენი პოლიტიკური პარტია მოხვდეს პარლამენტში და გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა. არაერთი სერიოზული კანონპროექტი მივიღეთ, ახლაც აქტიურად ვადევნებ თვალს პოლიტიკურ პროცესებს, ეს უკანასკნელი 5–6 წელი საჭირო იყო, რომ წინა ხელისუფლების ხარვეზები გამოსწორებულიყო, ის ვალები დაფარულიყო, რაც მათ აიღეს. ძალიან ბევრი სიკეთე კეთდება. როგორც მოგეხსნებათ, ვიყავი ბიზნესმენი, რამდენიმე წარმოება იყო თავის დროზე, რომელიც დაგვატოვებინა წინა ხელისუფლებამ, მაგრამ ახლაც გვაქვს საკმაოდ ბევრი წარმოება, სოფლის მეურნეობის ობიექტები და ამ საქმიანობითაც ვარ დაკავებული.
გიორგი ცაგარეიშვილი:
უამრავი რამ შემძინა იმ 13–მა წელმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავატარე. საკანონმდებლო საქმიანობა საერთოდ არის ძალიან დიდი გამოწვევა. ეს ჩემთვის იყო საოცარი გამოცდილება, ძალიან დიდი განსაცდელით,
სხვებისგან განსხვავებით არც ერთი დღე არ ყოფილა ია–ვარდით მოფენილი. გამორჩენის მიზნით საქართველოს პარლამენტში არ შევსულვარ, ვიყავი იქ და ვაკეთებდი საქვეყნო საქმეს, როგორც გამომდიოდა. ახლა ვარ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მთავარი მრჩეველი, ბევრი გამოწვევაა, ბევრი პროექტია და მათ ეფექტურად განსახორციელბლად ყველაფერს ვაკეთებთ… პოლიტიკურ პროცესებს გვერდიდან ვადევნებ თვალს, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკვირდები, ასეთ ვითარებაში სხვანაირად აღიქვამ ბევრ რაღაცას, როცა პროცესებში ხარ ჩართული, ხშირად უკან მოხედვის საშუალებაც არ გრჩება.
დავით დარჩიაშვილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, ვკითხულობ უსაფრთხოების საკითხებზე, ისტორიის თეორიებზე, ასევე, კავკასიის თემატიკაზე სალექციო კურსს.
პარალელურად, მოწვეული პროფესორი ვარ „თავისუფალ უნივერსიტეტში“.
„ევროპული საქართველოს“ წევრი და გულშემატკივარი ვარ, თუმცა მაინცდამიანც აქტიურობით არ გამოვირჩევი ამ კუთხით. რაც შეეხება პარლამენტში ყოფნის პერიოდს, რა თქმა უნდა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა დიდი ძალისხმევას მოითხოვს, საპასუხისმგებლოა, თუმცა ჩემთან ახლოს რაც არის, მაინც სტუდენტები და საგანმანათლებლო სფეროა.