დარჩნენ თუ არა საბავშვო ბაღის პატარები “მშივრები” -სახელმწიფოს პასუხი მშობლებს
თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მენიუ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით შეიცვალა, რაც ამავდროულად, ექსპერტების შეფასებას ემყარება. როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის საბავშვო ბაღებში საკვების ოდენობა არ შემცირებულა, არამედ შემცირდა კალორიების შემცველობა, რომელიც დღის განმავლობაში უნდა მიიღოს ბაგა-ბაღის აღსაზრდელმა. თუმცა თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის ხორცის, თევზის, ყველისა და რძის პროდუქტებმა და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მათ შორის მარილისა და შაქრის დღიური ნორმა.
თუმცა ყოველივე ამას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ზოგიერთი მშობლის უკმაყოფილებაც გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ თავიანთ შვილებს საკმარისი საკვები აღარ ექნებათ და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კონკრეტული საკვები ბავშვს არ უყვარს, ის მშიერი რჩება. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინ ამ ცვლილებებს მიესალმება და ფიქრობენ, რომ მარილის და შაქრის შემცირებით ბავშვები უფრო ჯანსაღ პროდუქტს მიიღებენ.
ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი მარიამ ქათამაძე, აღნიშნული ცვლილების გამო, პრეტენზიას სოციალურ ქსელში გამოხატავს და გარკვეული კითხვები აქვს.
“რატომ აღარაა მენიუში წვენი? კვერცხი დილით უნდა იყოს და არა საღამოს, ეს უნდა იცოდეთ. ვინც ფაფას არ მიირთმევს, იმას რას სთავაზობთ? არც პურს და არც თუნდაც ორცხობილას. ესაა კვება? ხილი თვალით არ უნახავთ ამ კვირაში. რა მარილზე და შაქარზე ლაპარაკობთ? მშობლებს გემო არ გაუსინჯავთ საკვების. მენიუს წაკითხვით და ბავშვის გამოკითხვით საკმარისია გაიგო რა მიირთვეს და რა არ იყო”,-წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ამ და სხვა საკითხების საპასუხოდ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა, განაცხადა, რომ კალორაჟის ანაზღაურება სხვა საშუალებითაც მოხდებოდა თუმცა, ეს არ იქნებოდა ჯანსაღი კვება ბავშვებისთვის.
“რაც შეეხება იმას, რომ რაციონში თევზი შესაძლოა ბავშვებს არ მოეწონოთ, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ორი ფილა უიაფესი შოკოლადით ჩვენ შეიძლება დღიური კალორაჟი დიდწილად ავინაზღაუროთ, თუმცა ეს არ არის ჯანსაღი კვება. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ადრეული ასაკიდანვე ბავშვები შეეჩვიონ ჯანსაღ რეჟიმს”,-ამბობს თამარ ტალიაშვილი.
ზოგიერთი მშობელი კი მიიჩნევს, რომ ბავშვები მშივრები არიან და თბილისის მერიას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ.
“იქნებ გამოიფხიკოთ ყურები და გაახილოთ თვალები, როგორ შეიძლება ბავშვების ხარჯზე ეკონომიის გაკეთება. ბაღებში ბავშვები მშივრები არიან, ან რა რაციონია, რას ჰგავს ეს. უკვე მარაზმში გადადის თქვენი დამოკიდებულება. ბავშვი ბაღში ვერ მიმიყვანია, იმის შიშით, რომ მშიერი იქნება”,-წერს ფეისბუქ მომხმარებელი.
იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო ინფორმირებული ყოფილიყო, თუ რა შემცირდა და რა დაემატა საბავშვო ბაღების მენიუს, თამარ ტალიაშვილმა მოსახლეობას შესაბამისი სია წარუდგინა.
„ასეთად წოდებული თეთრი სიკვდილის ტრიადა: მარილი, შაქარი და თეთრი პურის ფქვილი, _ შემცირდა? დიახ!
რა გაიზარდა? _ აი, განსაჯეთ!
გაიზარდა: დაემატა ქათმის ფილე, რომელიც ძველ მენიუში საერთოდ არ იყო; ახალი ხილი; მცენარეული ხილი; გაორმაგდა კვერცხის ოდენობა; გასამმაგდა ყველის ოდენობა; გაიზარდა თევზის ოდენობა.
შემცირდა: ამოღებულია ჭვავის პური; ამოღებულია კარტოფილის ფქვილი; შემცირდა პურის ფქვილი; შემცირდა შაქრის ოდენობა; შემცირდა რძე 10%-ით; შემცირდა ხაჭო; შემცირდა მარილი“ – აცხადებს ტალიაშვილი.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა კი, მსგავსი ნეგატიური და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დამატებით განმარტა, რომ მენიუ არა ბაღების მართვის სააგენტოს ან მერიის რომელიმე თანამშრომლის მიერ, _ არამედ შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით შედგა.
„საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის, მენიუს შემადგენლობა არის შეცვლილი. მენიუში ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მენიუ არ არის ბაღების მართვის სააგენტოს ან მერიის რომელიმე თანამშრომლის მიერ შედგენილი, ეს არის შესაბამისი ექსპერტების მიერ შედგენილი მენიუ“, – განმარტავს მერის მოადგილე.
“კვირა” კი იმ განაწყენებული მშობლების სოციალურ ქსელში განთავსებულ სურათებს შემოგთავაზებთ, სადაც საბავშვო ბაღებში არსებული საკვები რაციონია ასახული.
თბილისის მერი კახა კალაძე არა ერთხელ გამოეხმაურა ბაღებში საკვების შემცირების საკითხს და განაცხადა, რომ ამ თემით სპეკულაციის საშუალებას არავის არ მისცემს. მისივე თქმით, მთავარი სიტყვა სპეციალისტებმა თქვეს, ისინი კი ვალდებულები არიან ზედმიწევნით დაიცვან მათი რეკომენდაციები. თბილისის მერმა არსებული მენიუ გაასაჯაროვა, რათა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ მოხდეს.
