„რუსთავი 2“– თან თანამშრომლობა დამაზიანებელი იქნებოდა“– “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ყოფილი დირექტორი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს

“რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის უკვე ყოფილი დირექტორი დავით კაკაბაძე მისი გათავისუფლების საფუძველსა და დეტალებზე „კვირასთან“ ვრცლად საუბრობს.
კაკაბაძე ადასტურებს, რომ „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისის მენეჯმენტის გადაწყვეტილების საფუძველი ”რუსთავის 2″–თან თანამშრომლობის საკითხი გახდა.
დავით კაკაბაძე „კვირასთან“ საუბარში განმარტავს, რომ ის და მისი გუნდი ”რუსთავი 2″–თან თანამშრომლობის წინააღმდეგნი იყვნენ და მენეჯმენტს არწმუნებდა, რომ “პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებულ ტელევიზიასთან” პარტნიორობა „რადიო თავისუფლების“ რეპუტაციაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახებოდა.
როგორც კაკაბაძე აცხადებს, მიუხედავად ამისა, სათავო ოფისის მენეჯმენტმა მისი და რედაქციის პოზიცია არ გაიზიარა და ის ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე გაათავისუფლა დირექტორის პოსტიდან.
„თანამდებობა ჩემი სურვილით არ დამიტოვებია, განცხადებაში, რომელიც მომცეს, აღნიშნულია, რომ თითქოსდა ორმხრივი შეთანხმებაა თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ, მიზეზებზე საუბარი საერთოდ არ არის. რეალური მიზეზი, რაც ამის უკან დგას, არის უთანხმოება მენეჯმენტთან რამდენიმე საკითხზე, მათ შორის პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო “რუსთავი 2 –თან” თანამშრომლობის – ჩვენი ტელეგადაცემების, ინტერვიუს „რუსთავი 2“–ის ეთერში შესაძლო განთავსების თემა. ეს საკითხი მაშინ დადგა დღის წესრიგში, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჩვენი კონტრაქტი შეწყდა, ეს იყო ივნისში და შესაბამისად დადგა საკითხი ახალი პარტნიორების მოძიებისა. პარტნიორების შერჩევისას ჩვენი პრინციპი ყოველთვის არის მაქსიმალურად მიუკერძოებელი და ობიექტური მედიასაშუალების მოძებნა და მათთან თანამშრომლობა. მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო იმ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც აბსოლუტურად, ერთმნიშვნელოვნად ერთ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება. „რუსთავი 2“ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუპორი და, რომ ამ ტელეკომპანიის უკან სააკაშვილი დგას, ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არ მალავენ და ეს ჩვენ არ აღმოგვიჩენია. „რუსთავი 2“–ის არსებობის უფლებას კი არ ვაყენებთ ეჭქვეშ, მათ თავიანთი გზა, მიზნები აქვთ, „რუსთავი 2“ –ის დახურვა ან მფობელის გამოცვლა კატასტროფა იქნებოდა მედიაგარემოსთვის, მაგრამ როდესაც თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ასეთ ცალმხრივ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა ჩვენი რეპუტაციისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა. სწორედ ამას ვეუბნებოდი ჩვენს ხელმძღვანელებს, როცა ამ საკითხზე მიდგებოდა ხოლმე საქმე, რომ რეიტინგი შეიძლება დღეს გქონდეს, ხვალ არ გქონდეს და ზეგ ისევ გქონდეს, მაგრამ რეპუტაცია თუ ერთხელ გაიფუჭე და შენს სახელს ჩრდილი მიადგა, ამის აღდგენას სჭირდება წლები კი არა ათწლეულები, მაგრამ არ შეისმინეს. როგორ იტყვიან „ძალა აღმართს ხნავსო” და საბოლოოდ ასე დასრულდა ყველაფერი. მე ვუთხარი, რომ სანამ აღნიშნულ პოზიციაზე ვიყავი, ეს არ მოხდებოდა და მერე თქვენ გადაწყვიტეთ ახალი ხელმძღვანელი როგორ მოაგვარებს ამ საქმეს – მეთქი“, – აცხადებს დავით კაკაბაძე „კვირასთან“ საუბარში.
მისივე თქმით, შეხედულებას, რომ – „რუსთავი 2“ –თან თანამშრომლობა „რადიო თავისუფლების“ იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნებოდა, ქართული სამსახურის მთელი გუნდი, რედაქცია ერთსულოვნად იზიარებდა და ეს ცნობილი იყო სათავო ოფისის მენეჯმენტისთვისაც.
„ყველა ჩემი თანამშრომელი, ერთსულოვანი იყო და არც მათ სურდათ „რუსთავი 2“– თან თანამშრომლობა, მე ჩვენ ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ დალაპარაკებოდნენ ნებისმიერ თანამშრომელს – თანამდებობიანს თუ რიგითს და გაეგოთ მათი აზრი, რომ მხოლოდ მე არ ვფიქრობდი ასე და რედაქციაშიც მათგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ რედაქციაში ძალიან ბევრ საკითხზე ვკამათობდით და არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს, ამ საკითხში იყო სრული ერთსულოვნება, რომ ეს დააზიანებდა ჩვენს რეპუტაციას და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი თანამდებობა შეეწირა იმას, რომ არც მე და არც ჩემი გუნდი არ ვიზიარებდით „რუსთავი 2“ –თან თანამშრომლობის იდეას. ჩემი გათავისუფლების ძირითადი მიზეზი იყო სწორედ ეს უთანხმოება“ – აცხადებს დავით კაკაბაძე.
ამასთან, “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ყოფილ დირექტორს უჭირს ცალსახად იმის თქმა, ემუქრება თუ არა „რადიო თავისუფლების“ ავტორიტეტს, მის ობიექტურობას რაიმე საფრთხე, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს ასე არ მოხდება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ არ ემუქრება“ –აღნიშნავს კაკაბაძე.
კითხვაზე, ის ჟურნალისტები, რომლებიც იზიარებდნენ მის პოზიციას, არ ეთანამშრომლათ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ ასოცირებულ არხთან, ხომ არ აღმოჩნდნენ მის მსგავსად სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხის ქვეშ, კაკაბაძე ამბობს, რომ ეს რთული სათქმელია, თუმცა აცხადებს, რომ ის ესაუბრა მათ და ურჩია, რომ სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება არ მიეღოთ.
„ამ ეტაპზე ჩემთვის ძალიან რთული სათქმელია რა მოხდება, რა ემუქრებათ და რა არა, მე ყველა ჩემ თანამშრომელს – პრაღაშიც და თბილისშიც, ვთხოვე, რომ დარჩნენ, განაგრძონ მუშაობა, ჩვენ ძალიან პროფესიონალი ჟურნალისტები გვყავს და მრავალი წლის განმავლობაში ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, ახლა სოლიდარობის გამოცხადება და ემოციური გადაწყვეტილებები შეიძლება ჩემთვის, ასე რომ ვთქვათ, გულის მოსაფხანი იყოს გარკვეულწილად, მაგრამ მაინც ძალიან ვთხოვე, რომ სოლიდარობაზე ფიქრი საჭირო არ იყო და საქმისთვის უფრო მნიშვნელოვანია, განაგრძონ მუშაობა ემსახურონ იმას, რასაც ემსახურებოდნენ“, – განაცხადა დავით კაკაბაძემ.
კითხვაზე – აპირებს თუ არა მისი გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას, დავით კაკაბაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.
კაკაბაძე მისი გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მის მიმართ გამოხატულ სოლიდარობასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ მისთვის ეს მხარდაჭერა ძალიან სასიამოვნოა.
„ჯერ ძალიან ადრეა სასამართლოზე საუბარი, გუშინდელი ამბავია, ცხელ გულზე გადაწყვეტილებების მიღება არ მინდა, ვცდილობ არც ვიფიქრო საით წავა და როგორ განვითარდება მოვლენები… ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ საქართველოდან მივიღეთ, ისეთი ბედნიერების მომტანი იყო, რომ ვთქვი კიდევაც: ამად ღირდა ის, რაც მოხდა – მეთქი, 25 წელი ვიმუშავე, გულდაწყვეტილი ვარ – ვერ მოგატყუებთ, მაგრამ ამავე დროს ბედნიერიც, როცა ვხედავ, რომ ის ხალხი, ვისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ, ვისთვისაც მე პირადად ვმუშაობდი, გვაფასებს, იყო ონლაინ პეტიცია, რომელსაც ათას კაცზე მეტმა მოაწერა ხელი, იყო კულტურისა და მეცნიერთა სფეროს წარმომადგენლების მიმართვა, რომლსაც ბევრმა ჩემთვის ძვირფასმა და პატივსაცემმა ადამიანმა მოაწერა ხელი – ამან გადაწონა ყველაფერი“– აცხადებს დავით კაკაბაძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და იმას თუ სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, კაკაბაძე ამბობს, რომ ჯერ ამაზე არ უფიქრია.
„ჯერ ამაზე არც მიფიქრია, ამ პერიოდის შემდეგ ერთგვარი შვება ვიგრძენი, გუშინდელი საღამოს შემდეგ, გარკვეულწილად, თითქოს ტვირთისგან გავთავისუფლდი – ასეთი შეგრძნება მაქვს ფიზიკურადაც კი, ამიტომ ეს დღეები არ ვაპირებ გეგმების დაწყობას, ალბათ ძალიან მალე დადგება ის მომენტი, როცა მომიწევს დაფიქრება, გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად ვცდილობ, რომ ასეთ რაღაცებზე არ ვიფიქრო“, – აცხადებს დავით კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ “რადიო თავისუფლებაში” არსებული აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა გამოცემა BBG Watch-მა გაავრცელა, რომელიც აშშ–ის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების შესახებ წერდა.
გამოცემის მტკიცებით, „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ ბიუროს “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობას აძალებდა, რასაც ქართული სამსახური კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები