„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ კომუნიკაციების ოფიცრად გიორგი კალატოზიშვილი დაინიშნა
„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ კომუნიკაციების ოფიცრად გიორგი კალატოზიშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას” თავად კალატოზიშვილმა დაუდასტურა.
„დღეს ვასრულებ თანამშრომლობას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან”, თებერვლიდან ვუერთდები საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის გუნდს და ვუხელმძღვანელებ მის კომუნიკაციას საზოგადოებასთან. პლატფორმა აერთიანებს 41 ორგანიზაციას. უმნიშვნელოვანესი მიზანი გვაქვს – განვახორციელოთ ნარკოპოლიტიკის რეფორმა ქვეყანაში. რეფორმა და პლატფორმის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მიზნად ისახავს ნარკოპოლიტიკის სისტემურ ცვლილებებს, ნარკოტიკის მოხმარების პრობლემის გადატანას კრიმინალის სფეროდან ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ ეტაპზე აქტიურად ვეცნობი დოკუმენტებს, განხორციელებულ და მიმდინარე აქტივობას და შესაბამისი ანალიზის შემდეგ, პლატფორმის წარმომადგენლებს გვექნება შესაძლებლობა, შევიმუშავოთ კიდევ უფრო ეფექტიანი სამოქმედო გეგმა, რათა ქვეყანაში განხორციელდეს პოზიტიური ცვლილებები“,-აღნიშნა გიორგი კალატოზიშვილმა.
„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში“ 41 ორგანიზაციაა გაერთიანებული. პლატფორმის მიზანია ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის რეფორმა, რომელიც შემუშავებულია სწორედ ამ პლატფორმის მიერ და პარლამენტშია შეტანილი. რეფორმის ამოცანაა ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ მიდგომა გახდეს უფრო ჰუმანური, არა როგორც კრიმინალების, არამედ როგორც სამედიცინო საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ.
„კვირა“ დამატებითი დეტალების გასაცნობად დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელს დავით ოთიაშვილს დაუკავშირდა.
„კანონებში ცვლილება არის მხოლოდ რეფორმის ნაწილი, რეფორმის საბოლოო მიზანია, რომ ნაკლებმა ადამიანმა გააგრძელოს ნარკოტიკების მოხმარება, ნაკლებმა ახალგზარდამ დაიწყოს მოხმარება და შემცირდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. პრინციპულად ამის მიღწევას ხელისუფლებას ვთავაზობთ იმით, რომ ადამიანები მოხმარებისთვის ციხეში კი არ გავუშვათ, არამედ გავუშვათ იმ დაწესებულებებში, სადაც მათ დაეხმარებიან პრობლემის გადაჭრაში, ანუ სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრებში – ეს ვინც უკვე მოიხმარს და ვინც არ მოიხმარს, შევთავაზოთ აპრობირებული, ეფექტური პრევენციის პროგრამები სკოლებში, რომელიც დღეს არ ხდება… იმისთვის, რომ ამის გაკეთება შევძლოთ, საჭიროა, რომ რამდენიმე კანონში შევიდეს ცვლილება და მაგალითად, მოხდეს მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა გვეუბნება, რომ თუ პოლიცია გამოავლენს ნარკოტიკის მომხმარებელს, ის უნდა დასაჯოს და ჩასვან ციხეში, ეს თუ არ შევცვალეთ, სამკურნალო პროგრამების და სარეაბლიტაციო ცენტრების შექმნას ეკარგება აზრი, იმიტომ, რომ კანონი ამბობს, _ იქ კი არ უნდა მოხვდეს ადამიანი, ციხეში უნდა მოხვდეს. აი ეს რომ შევცვალოთ, ამიტომ ვთავაზობთ სახელმწიფოს, კანონი შევცვლოთ და მოხდეს დეკრიმინალიზაცია, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულის გაუქმება მომხმარებლისთვის, ხოლო სანქციები, რა თქმა უნდა, რჩება. უქმდება მხოლოდ სისხლის სამართლის სანქცია, სხვა სადამსჯელო სანქციები, ადმინისტრაციული, უფლებების შეზღუდვები და ა.შ. რჩება ძალაში. რეფორმა ითვალსიწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას და ვითარების შექმნას, რომელშიც შეგვეძლება ეს ადამიანები გავუშვათ ექიმთან, ფსიქოლოგთან და ა.შ.“,- განმარტა დავით ოთიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი გასული წლის ივნისშია ინიცირებული, რომლის ინიციატორი „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატია.
„განიხლვები საშემოდგომო სესიაზე დაიწყო, თუმცა, იმის გამო, რომ ბევრი მცდელობა იყო შეთანხმებულიყო პოზიციები მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, ეს პროცესი გაჭიანურდა. მოესწრო მხოლოდ პირველი საკომიტეტო მოსმენა, ისიც არ დასრულებულა… დარჩა ამ კონონპროექტის წამყვანი კომიტეტის, ანუ იურიდიული კომიტეტის საკომიტეტო მოსმენა, რომელსაც ველოდებით, რომ თებერვალში სესიის გახსნასთან ერთად დანიშნავენ. როგორც კი იურიდიულ კომიტეტში გაივლის, პირველ პლენარულ სხდომაზე შესაძლებელი გახდება კანონპროექტის განხილვა“,- განაცხადა დავით ოთიაშვილმა.
ოთიაშვილი იმედოვნებს, რომ საგაზაფხულო სესიაზე მოხდება კანონპროექტის განხილვა და პროცესი დროში არ გაიწელება.
„დიდი იმედი მაქვს, რომ არ გაიწლება, აქტიურად ვართ ჩართულები ამ მოლაპარაკებების და პოზიციების შეთანხმების პროცესში. ბოლო მოვლენებიც დამაიმედებელი იყო. იანვრის ბოლოს შედგა ნარკოპოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა, სადაც შესაბამის უწყებებს დაევალათ, წარედგინათ ერთი თვის ვადაში საკუთარი პოზიცია და გეგმები ამ რეფორმის ფარგლებში, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, შსს, პროკურატურა და ა.შ. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროში ამ გეგმაზე მუშაობის პროცესს, ჩვენ დაგვიბარეს სამინისტროში და გვპირდებიან, რომ ამ გეგმას ჩვენთან ერთად შეიმუშავებენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს ერთვიანი ვადა არის საკმაოდ კონკრეტული. მიგვაჩნია, რომ ამ აღმასრულებელი უწყებების მხირდან, გეგმების წარდგენა სასარგებლო იქნება, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმას, რომ პარლამენტში აღარ უნდა გაჭიანურდეს კანონპროექტის განხილვა“,- აღნიშნა ოთიაშვილმა „კვირასთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ინიციატივითა და რეფორმით, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია გულისხმობს ნარკოტიკების მოხმარებისათვის და მცირე ოდენობით საკუთარი მოხმარების მიზნით ფლობისთვის, სასჯელის გაუქმებას. ისინი აცხადებენ, რომ ახალი კანონმდებლობის პირობებში, ნარკოტიკების წარმოება, გასაღება, ზემოქმედების ქვეშ ავტოტრანსპორტის მართვა ან სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება სხვას ზიანი მიაყენოს – კვლავ დასჯად ქმედებად დარჩება.
რაც შეეხება ლეგალიზაციას, პლატფორმა არ ითხოვს ლეგალიზაციას. ლეგალიზაცია მოიცავს ლეგალური ნარკოტიკების წარმოებისა და გაყიდვის რეგულაციასა და კონტროლს (როგორც დღეს ხდება ალკოჰოლთან და თამბაქოსთან მიმართებაში). პლატფორმა კი არ ითხოვს ნარკოტიკების ლეგალურ წარმოებასა და თავისუფალ გაყიდვას, არამედ, სახელმწიფოს სთავაზობს სისტემას, სადაც ნარკოტიკების მოხმარება სისხლის სამართლის საქმედ აღარ განიხილება.