გიორგი გახარია: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარზე ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისი დანაშაულებრივი წვლილიც დადასტურდება
„გამოძიების შედეგად ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისი დანაშაულებრივი წვლილიც მსგავს შედეგში დადასტურებული იქნება“- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ფაქტის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
„მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ფაქტობრივად მაშინვე, რამდენიმე საათში დაიწყო. ახლაც გამოძიება ძალზე აქტიურ ფაზაშია. დანიშნულია ექსპერტიზები, პროცესი მიმდინარეობს, დაკითხული არიან კომპანიის წარმომადგენლები და რეალურად ერთ დღეში გარკვეულ ვერსიებზე საუბარი ნაადრევია. ამას ორი-სამი დღე დასჭირდება. გამოძიების შედეგად ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისი დანაშაულებრივი წვლილიც მსგავს შედეგში დადასტურებული იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.