წყნეთში საერთაშორისო უნივერსიტეტის შენდება – ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო სტუდენტებისთვის
თბილისის შემოგარენში, კერძოდ, წყნეთის გზატკეცილზე, კერძო საკუთრებაში არსებულ 1141 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, PR აკადემიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შენდება. სასწავლო დაწესებულებისთვის ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო საგანგებოდ შეირჩა, რადგან ტერიტორიაზე არსებული მრავალი წიწვოვანი ხე საუკეთესო პირობებს ქმნის, ახალგაზრდების გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის.
როგორც “სითი კვირას” PR აკადემიის დირექტორმა, ნათია გოცაძემ განუცხადა, სამშენებლო პროექტის დამუშავებისას იზრუნეს, რომ ნაკვეთზე არსებული მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდეს, არ მოიჭრას არც ერთი ხე, ხოლო უშუალოდ შენობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე ბუჩქსა და ფოთლოვან ხეს უნივერსიტეტის მიმდებარედ გადარგავენ. ხე-მცენარეების გადარგვის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, რადგან მშენებლობა ახალი დაიწყებულია. ტერიტორიაზე ძირითადად წიწვოვანი ხეებია. ნათია გოცაძის განმარტებით, ამ ხეების გადარგვა და მით უმეეს მოჭრა არ იგეგმება.
“პროექტი ისე გაკეთდა, რომ შენობა არც ერთ ხესთან არ ყოფილიყო შეხებაში და მწვანე საფარი ხელუხლებლად შეგვენარჩუნებინა. საუბარია მხოლოდ, რამდენიმე ფოთლოვანი ხის გადარგვაზე, მათთვის ადგილი უკვე შერჩეულია. თბილისის ბოტანიკური ბაღიდან იყვნენ სპეციალისტები და შეამოწმეს ნიადაგი, ყველა ნორმა და სტანდარტი დაცულია. ჩვენს ინტერესებშია, ამ ტერიტორიაზე არსებულ არც ერთ ხეს ზიანი არ მიადგეს. აქ ძალიან კარგი ნიადაგია გამწვანების მოსაწყობად. აქტიურად ვთანამშრომლობთ ბოტანიკურ ბაღთან და შესაბამისად ძალიან მოვუფრთხილდებით მწვანე საფარს. ბოტანიკური ბაღიდან სპეციალსტები გვეხმარებიან“, – განაცხადა გოცაძემ.
მისივე თქმით, ტერიტორია იმდენად მჭიდროდ არის გამწვანებული, შენობას 50 ძირი წიწვოვანი ხე აკრავს გარს, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნება ახალი ხეების დარგვა. თუმცა, პროექტით გათვალისწინებულია შენობის შიდა ინტერიერში მოეწყოს ეკოლოგიური გარემო.
„ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ შენობაში შიგნითაც იყოს დაცული ყველანაირი ეკოლოგიური პირობა. აქ სტუდენტებმა უნდა ისწავლონ, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით კი, ძალიან ამბიციური გეგმები და მიზნები გვაქვს. აუდიტორიებში ქოთნებით შევიტანოთ ოთახის მცენარეებს, რომელი მცენარეც იძლევა ამის შესაძლებლობას. სარეკრეაციო ზონები სტუდენტებს შენობის შიგნითაც ექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ამისთვის ძალიან კარგი სივრცეა. პროექტით გათვალისწინებულია რომ ვერანდებზე, აუდიტორიებში და მოსაცდელებში მოეწყოს სარეკრეაციო ზონები“,- ამბობს ნათია გოცაძე.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ნაკვეთი ორგანიზაციამ 2017 წლის 9 თებერვალს, ელექტრონული აუქციონის წესით შეიძინა. უნივერსიტეტის მისიას წარმოადგენს საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე შეიქმნას სასწავლო დაწესებულება, სადაც მომავალი თაობების აღსაზრდელად დაინერგება სწავლების ინოვაციური მეთოდიკა საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების დაცვითა და ეროვნულ, სამოქალაქო და საკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამებით. უნივერსიტეტის მშენებლობის დასრულება სექტემბრისთვის იგეგმება. სასწავლებელში გაერთიანდება განათლების რამდენიმე საფეხური, მათ შორის: არაფორმალური განათლება სატრენინგო პროგრამების სახით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
PR აკადემია 5 წლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს კორპორაციულ და ინდივიდუალურ ტრენინგებს, გრძელვადიან პროგრამებს, პროფესიულ კურსებს და საკონსულტაციო მომსახურებას ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული კომუნიკაციების, ორგანიზაციული მართვისა და სხვა საკითხებში.
2015 წელს PR აკადემიის ბაზაზე შეიქმნა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომლის მიზანია ქვეყანაში განათლების დონის ამაღლება და ახალი საგანმანათლებლო პერსპექტივების შექმნა: უწყვეტი განათლების სახელმწიფო სტრატეგიის ხელშეწყობა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობა. ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებს შორისაა: საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ღონისძიების მენეჯერისა და ღონისძიების დიზაინერის პროფესიული სტანდარტების შემუშავება, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებით სწავლების უზრუნველყოფა.