ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება – 2020-ისთვის ის იქნება მთავარი პოლიტიკური ლიდერი

ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება – … 2020-ისთვის ის იქნება მთავარი პოლიტიკური ლიდერი – ამ სათაურით სტატიას გაზეთ “პრაიმტაიმი” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ უკვე ვანო მერაბიშვილის გამოსვლას ელოდნენ. თუ სასჯელს ბოლომდე მოიხდის, ის გარეთ 2020 წელს გამოვა.

წელი პოლიტიკურია – ოპოზიციას სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქვს ყველა იმედი დამყარებული. ჯერ ხომ არცერთ პოლიტიკურ ძალას მესამე საარჩევნო წრეზე უმრავლესობა არ მოუპოვებია. „ქართული ოცნებისთვის“ ეს სერიოზული გამოწვევა იქნება.

შევარდნაძის უმრავლესობაც მხოლოდ ორი მოწვევით იყო უმრავლესობაში და სააკაშვილისაც. ახლა „ქართული ოცნება“ მეორე მოწვევას ასრულებს. თუმცა, ვითარება განსხვავებულია. შევარდნაძის დროს თუ ოპოზიციაში ისეთი ძლიერი ფიგურები იყვნენ, როგორიც ჟვანია-სააკაშვილია, სააკაშვილის დროს კი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ახლა ოპოზიციაში, შეიძლება ითქვას, სრული სიცარიელეა. თუმცა, ამ სიცარიელეშიც კი არის ფიგურა, ვისზეც ოპოზიცია სერიოზულ იმედებს ამყარებს. ამ მხრივ, ექსპერტი ვალერი გელბახიანი მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს 2020 წელს ოპოზიციის პერსპექტივებს:

– ვნახოთ, როგორი იქნება პოლიტიკური განლაგება. თუკი ერთიან კანდიდატზე შეთანხმება მოხერხდა და ამ მიმართულებით მარგველაშვილს ყველაზე მეტი შანსები აქვს, მაშინ 2020-ისთვის ის იქნება მთავარი პოლიტიკური ლიდერი. ოპოზიცია მის გარშემო გაერთიანდება… ვნახოთ, ეს ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, თუ მარგველაშვილი არ მიდის ოპოზიციასთან, ოპოზიციას შეუძლია მივიდეს და დაელაპარაკოს მას, – აღნიშნავს გელბახიანი.

სხვათა შორის, ოპოზიცია ცდილობს, 2018 წლის გაერთიანება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ასახოს. კერძოდ, ვინც, მაგალითად, იგივე მარგველაშვილის გარშემო შეიკრიბება, უკვე წინასწარ უნდა იცოდნენ საარჩევნო სიების შემადგენლობაც. უკვე უნდა იცოდნენ, ვინ არის ხუთეულში, ათეულში, ოცეულში და ასე შემდეგ.

გასაკვირი არ არის, რომ გაერთიანებას ჯერ არც პირი უჩანს და არც შანსები. ექსპერტ ლევან ალაფიშვილის განმარტებით კი, მმართველ პარტიას პროცესის წარმართვისთვის ორი შანსი აქვს:

– პროცესს ის ან ძალისმიერი მეთოდებით წარმართავს და შეეცდება, ხელისუფლებაში 2030 წელსაც იყოს, ანდა ის წავა კოალიციის შექმნის გზით. ვნახოთ, მმართველი პარტიის შიგნით ამ მხრივ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. აქ ლიბერალური ფრთა არის და არაერთი, მაგალითად, იგივე კვირიკაშვილის გუნდი, კალაძის გუნდი. შევარდნაძის დროს ასეთი ლიბერალურები იყვნენ ჟვანია და სააკაშვილი, სააკაშვილის დროს – ბოკერია და ივანიშვილი, დათა ახალაიასა და ოქრუაშვილის ფონზე. ასე რომ, ვნახოთ, როგორ წარმართავს პროცესებს მმართველი ძალა.

 მანამდე კი ოპოზიციის კულისებში, მარგველაშვილის გარდა, კიდევ ერთ ფიგურას განიხილავენ.

ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური ამბიციები ყოველთვის ჰქონდა, რა თქმა უნდა, ის მარგველაშვილი არ არის – მოქმედ პრეზიდენტს უფრო მეტი შანსი აქვს, თუმცა, ჯერ ვერავინ გაიგო, რა უნდა პრეზიდენტს. რაც შეეხება ვანოს, ის, ჩემი აზრით, დაშლილი ნაცების აწყობას მაინც შეეცდება. როგორ და რა ფორმით, რთული სათქმელია. ოპოზიციაში ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანაზე საუბარი უკვე დიდი ხანია დაიწყო, სტრასბურგი ჯერჯერობით ვერ შველის და ერთ უდოზე მას უკვე უარი უთხრეს. ახლა მერაბიშვილს უდო ყოველ ექვს თვეში ერთხელ შეეხება, შესაბამისად წელიწადში ორჯერ მას საპატიმროს დატოვების შანსი ექნება.

საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფაზე ვანო მერაბიშვილი ერთადერთია, ვისაც პოზიცია არ დაუფიქსირებია. არადა, თითქოს ამბობდნენ, რომ პოზიციას წერილობით დააფიქსირებდა, მაგრამ ამ საკითხზე ის ჯერ დუმს. არადა, თავდაპირველად, როცა ნაციონალები ოპოზიციაში გადავიდნენ, პარტიის დაშლის იდეა მაშინაც აქტუალური იყო, ვანო მაშინაც წინააღმდეგი წავიდა – მას სურდა და ცდილობდა, პარტია ლიბერალებს დარჩენოდათ და არა რადიკალებს.

რა მოხდება ახლა, როცა ადრე თუ გვიან ის საპატიმროს დატოვებს? არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მერაბიშვილი პოლიტიკასაც დატოვებს და საქართველოსაც. ითქვა, რომ ის უცხოეთში წავა. ან კიევში სააკაშვილთან ან ესპანეთში მესხელთან, თავის დიდი ხნის მეგობართან.

ბოლო დროს მერაბიშვილის საქმეზე ძირითადად კომენტარებს სულ ევროპელები აკეთებენ, „გირჩები“ ჯერ ნარკოტიკებით არიან გატაცებული, ნაცები ყველას ლანძღვით.

ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიცია ლიდერის გარეშეა დარჩენილი. რამდენიმე ნაწილად გაყოფილი ნაციონალებიც ცალ-ცალკე მაინც სუსტად გამოიყურებიან. პარტიის ლიბერალურმა ნაწილმა პარტიის შენარჩუნება ვერ შეძლო, ისევე როგორც თავის დროზე ვერც ჟვანია-სააკაშვილმა მოახერხეს სმკ-ში პოზიციების გამყარება. „მოქალაქეთა კავშირი“ (ნაციონალებისგან განსხვავებით) მაშინ გაქრა. როგორც აღმოჩნდა, ახლა სწორედ სააკაშვილი გახდა მათთვის მთავარი გამოწვევა და არა 2012 წლის არჩევნები და არა ოპოზიციაში გადასვლა.

პარტია თავიდანვე ვანო მერაბიშვილმა ააწყო, ის იყო მთავარი. სწორედ ის უკეთებდა ორგანიზებას შევარდნაძის დროს ნაციონალების აქციებს – უზრუნველყოფდა ხალხის მიყვანას, აგროვებდა ფინანსურ რესურსებს. ის ბუნებრივად აღმოჩნდა ლიდერი და გენერალური მდივანიც გახდა. თუმცა, ამბიცია ბევრს ჰქონდა, მათ შორის კობა დავითაშვილსაც.

ამ პარტიის თბილისის ოფისს ახლა სხვა პირები მართავენ. ვანო მერაბიშვილს გავლენები იქ თითქმის აღარ დარჩა – სააკაშვილმა შიდაპარტიულ ბრძოლაში მხარი იმათ დაუჭირა, ვისთვისაც ის უპირობო ლიდერი იყო. თუმცა, საქმე ლიდერობაშიც არ არის. როგორც ჩანს, მიშა დაარწმუნეს, რომ ლიბერალები მას და მის პოლიტიკურ ინტერესებს ებრძოდნენ. ასე რომ, პარტია ძირითადად ახალაიების ჯგუფს დარჩა.

დაახლოებთ ასეთივე ვითარება იყო სმკ-თან დაკავშირებითაც. მაშინ შევარდნაძეც დაარწმუნეს, რომ რეფორმატორები მას ებრძოდნენ.

მეორე მხრივ კი, ჩვენ ისეთი მასშტაბის ფიგურებზე ვსაუბრობთ, როგორიც შევარდნაძე იყო და სააკაშვილი ჯერ კიდევ არის. მათი რამეში დარწმუნება მარტივი არ უნდა იყოს – ერთიც და მეორეც საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ტყვე გახდა. ამ დროს კი, როგორც ჩანს, პოლიტიკური ინტუიციის ხმაც არ გესმის. არჩევნები შევარდნაძემაც წააგო  (მთელი ცხოვრება ლამის შიდაპატიმრობაში გაატარა) და სააკაშვილმაც. მისი პარტია ნათელაშვილის პარტიას ემსგავსება.

შემთხვევითი არ არის, რომ მერაბიშვილს „ევროპელები“ პოლიტპატიმრის სტატუსით მოიხსენიებენ. საპატიმროშიც ვანოსთან სწორედ ისინი შედიან. როგორც ჩანს, ლიბერალებისთვის ის მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუმცა, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მერაბიშვილი სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნდება.

ნაციონალებს გუნდში საინტერესო ფიგურები აღარ ჰყავთ. აგრესიული და უშინაარსო განცხადებების გაკეთებაში უფრო ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვიდრე პოლიტიკის კეთებაში. ბოკუჩავას ქმარმა კოტე იოსელიანმა კი  ყველა რეკორდი მოხსნა, როცა თქვა:

 „აქ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზეც არ არის საუბარი, „ჩადება“ ისეთი რამეა, თუ ნარკოტიკს არ ჩაუდებენ ადამიანს, მაშინ ჩაუდებენ იარაღს, დანას, ჭადრაკს, თუკი ეს უკანონო იქნება. ჩადება კაცობრიობისთვის არ არის უცხო, ქრისტეს თავის დროზე ფულით სავსე ქისა ჩაუდეს და ისე დაიჭირეს. არ არის ახალი ამბავი“.

მოკლედ, პოლიტიკური ბრენდი პოლიტიკაში მარგინალიზაციის საფრთხის წინაშე დგას. მთელი მისი იმიჯი და ავტორიტეტიც ახლა მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე დგას. სწორედ ეს არის მათი ძირითადი კოზირიც და ჯოკერიც კულუარული ვაჭრობებისა თუ გარიგებების დროს.

ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპელების“, „გირჩებისა“ და სხვების გაერთიანებას შეეცადოს. 2020 წელს ერთი დიდი პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფი თუ არ შეიქმნა, „ქართული ოცნება“ ისევ უპირობო ლიდერი იქნება.

თუმცა, ოპოზიცია ამ შესაძლებლობას ეჭვის თვალით უყურებს. მას შემდეგ, რაც უგულავამ სააკაშვილს ჯართი უწოდა, რომელიც უნდა ჩააბარო; მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა პარტიიდან წასულებს მოღალატეები ეძახა და ისიც თქვა, რომ აქვს დოკუმენტები, რომელიც მათ ღალატს ადასტურებს… ეს ყველაფერი რაიმე ფორმით შერიგებას გამორიცხავს.

ოპოზიციაში არც მერაბიშვილის ციხიდან ვადამდე ადრე გამოშვებას ელოდებიან. მას უდოზე ერთხელ უკვე უთხრეს უარი, ფიქრობენ, რომ ის მაინც საარჩევნოდ გამოვა და იმისთვის, რომ რამე ცვლილება მოახდინოს ძალთა განლაგებაზე, საკმარისზე ცოტა დრო ექნება.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები