ბაღების სააგენტო ლევან ხაბეიშვილს სიცრუეში ადანაშაულებს: სააგენტოს დირექტორის ანაზღაურება არ გაზრდილა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ტრადიციულად, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, თანამდებობის პირთა დისკრედიტაციას ეწევიან და ამ გზით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ – ასე ეხმაურება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობრივი ანაზღაურების მატების შესახებ საკრებულოს ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო არ გაზრდილა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის უპასუხისმგებლო განცხადებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი ანაზღაურების მატების შესახებ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ტრადიციულად, არასწორი ინფორმაციის გავრცელებითა და უსაფუძვლო ბრალდებებით, თანამდებობის პირთა დისკრედიტაციას ეწევიან და ამ გზით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

ვარწმუნებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო არ გაზრდილა, უფრო მეტიც, ანაზღაურების ოდენობა 2018 წლიდან შემცირებულია 150 ლარით. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და თავად ოპოზიციის დეპუტატებს შეუძლიათ გაეცნონ 2018 წლის 18 იანვრის, ქალაქ თბილისის მთავრობის განკარგულებას.

აქვე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს შევახსენებთ, რომ მათი ადმინისტრაციის დროს, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის ანაზღაურება 6250 ლარს შეადგენდა და სწორედ ამ თანხას პრემიებთან ერთად, ყოველთვიურად იღებდა სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი და ეს ოდენობა, ხშირად თვეში 12000 ლარს აჭარბებდა.

სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო 2018 წლიდან შემცირდა და დღესდღეობით, 5750 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, არასწორი ინფორმაციის გავრცელებამდე, გადაამოწმონ ფაქტები, გაეცნონ შესაბამის დოკუმენტებს და თანამდებობის პირთა დისკრედიტაციის გზით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეწყვიტონ“, –აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები