კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კიევის სააპელაციო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის არანაირი ღონისძიება არ შეეფარდა.
თავად მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
დღევანდელ სხდომას რადას 9 დეპუტატს შორის, იულია ტიმოშენკოც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
დაახლოებით ერთი თვის წინ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.