საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის ხელმძღვანელი ტაქსების მოწესრიგების ინიციატივას მიესალმება

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ ტაქსების სავალდებულო საკითხთან დაკავშირებით დაანონსებულ სიახლეს ეხმაურება.
“დღეს, თბილისის მერმა, კახი კალაძემ დააანონსა დედაქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მონახაზი, მათ შორის, განსაკუთრებული სენსიტიურობის მქონე, ტაქსების სავალდებულო ლიცენზირების საკითხი.
ერთის მხრივ, გასაგებია, რომ ამ თემას სოციალური შემადგენელი ახლავს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ყველა ჭკუათმყოფელს ესმის, რომ ამ სფეროში წესრიგია დასამყარებელი და მერის განცხადებით, საკითხი, კომპლექსურად, ამ ორი მოცემულობის გათვალისწინებით გადაწყდება.
მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის ყველა, მეტ-ნაკლებად მსხვილ ურბანულ წარმონაქმნში, ასეთი რეგულაცია არსებობს.
ჩვენი ოპოზიცია, რომლებსაც, პოლიტიკურ ველზე ტივტივის შესანარჩუნებლად, მხოლოდ „განაწყენებული“ ელექტორატის ნიშის დაკავების გზაღა აქვს დარჩენილი, აქაც დესტრუქციულ ოპონენტებად გვევლინებიან და შეგნებულად, ხაზს ვუსვამ-შეგნებულად ცდილობენ შეაფერხონ დედაქალაქის მეურნეობის შემდგომი დახვეწა-განვითარების პროცესი.
კახი კალაძე იმიტომ არის მაგარი პოლიტიკოსი და მერი, რომ არ უშინდება გადაწყვეტილებების, მათ შორის არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას და ტაქსების პრობლემაც ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ ასეთ, ქალაქისათვის და, საერთო ჯამში, ქვეყნისათვის, საჭირბოროტო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების დროს, მერსაც ჩვენი მოქალაქეობრი მხარდაჭერა ჭირდება საზოგადოებრივი აზრის სწორად ფორმირების პროცესში.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სოციალურად აქტიური ნაწილი ე. წ. ოფინიონ-ლიდერები, სწორად გაიგებენ თემის აქტუალურობას და მხარში დაგვიდგებიან ყველა ასეთ რეფორმის გატარებისას” – ნათქვამია თედო ისაკაძის განცხადებაში.
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა, ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები