საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ორგანიზებით, ევროპის საბჭოში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ორგანიზებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” მისასალმებელი სიტყვით დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა და დამსწრეებს ქართული ანბანის, ასევე, ქართული ღვინის ისტორიაზე ესაუბრა.
„საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ისტორია აქვს. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ღვინის აკვანი, რაც სიამაყის მიზეზია ქართველი ხალხისთვის. ასევე, დღეს იხსნება ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა, რომელიც იუნესკოს მიერ აღიარებულია, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ, ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ და ჟურნალები – „პარლამენტი” და „დიპლომატი” დაეთვალიერებინათ.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას თამარ ჩუგოშვილმა ობსერვერ მედია ჯგუფის გენერალური დირექტორი ნინო შარაშიძე და აღმასრულებელი დირექტორი-ნათია გამყრელიძე წარადგინა, რომლებმაც ჟურნალების შინაარსის, მნიშვნელობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, მედია ჯგუფი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და სხვა საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან.
„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ასამბლეის წევრებს ჩვენი კულტურა გავაცნოთ და მათ ჰქონდეთ წარმოდგენა არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობაზეც”,- აღნიშნა ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ექსპოზიცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა” ევროპის საბჭოს შენობაში მთელი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები