აკაკი ზოიძე: ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია ისე, რომ გამსაღებელთა მიმართ დაუნდობელი ბრძოლა, მომხმარებლებთან დაუნდობელ ბრძოლაში არ გადაიზარდოს

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გაიმართება.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, არსებული ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია ისე, რომ გამსაღებელთა მიმართ დაუნდობელი ბრძოლა მომხმარებლებთან დაუნდობელ ბრძოლაში არ გადაიზარდოს.
„ახალი ინიციატივით მნიშვნელოვანი მომენტი ის გახლავთ, რომ ზღვარი დავაწესოთ – გასაღებასა და მოხმარებას, ასევე ნარკოტიკების მოხმარების წახალისებასა და ჰუმანურ დამოკიდებულებას შორის. ნარკომომხმარებლებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, მათ ციხის ნაცვლად, რეაბილიტაცია-მკურნალობა უნდა ჩავუტაროთ და საზოგადოებაში დავაბრუნოთ. პრინციპებზე ყველა თანხმდება რადიკალური ჯგუფების გარდა, რომლებიც ერთი მხრივ, ნარკოტიკების სრულ რეალიზაციას ითხოვენ, რაც დამღუპველია. მეორე მხარე ნარკომომხმარებლების სიკვდილით დასჯას ითხოვს, ხოლო საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი შეჯერებულია სამ პრინციპზე, რომელიც ეხება გამსაღებლების მიმართ დაუნდობელ ბრძოლას, პრევენციას, ნარკომომხმარებლების მკურნალობასა და მათთვის საზოგადოებაში დაბრუნების შანსს. დაბალანსებული პოლიტიკა ესაა. ცვლილებები საგაზაფხულო სესიაზე უნდა გავიტანოთ, უმრავლესობაში პოზიციებს შევაჯერებთ. ეს დამოკიდებულია ორივე მხარეზე, რადგან შეჯერება გულისხმობს კონსულტაციებსა და კონსენსუსს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა შესრულდება და კანონმდებლობას დროულად მივიღებთ“, – განაცხადა ზოიძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, თუმცა ინიციატივის წინააღმდეგ კომიტეტის რამდენიმე წევრი და „კონსერვატორები“ გამოდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები