ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე ჟივოტკოვის პერსონალური გამოფენა – ,,მუყაო. ხე. ქვა” გაიხსნება

26 იანვარს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თანამედროვე უკრაინელი მხატვრის, ალექსანდრე ჟივოტკოვის პერსონალური გამოფენა – ,,მუყაო. ხე. ქვა” გაიხსნება.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში შექმნილი 50-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც ერთიანდება რამდენიმე სერიაში: „გზები“, „კიევი 2014“, „დედაბორდი“, „ვარიაციები ქვაში“ და „მე მივუზღავ“.
გამოფენა „მუყაო. ხე. ქვა“, როგორც ერთიანი პროექტი, პირველად სწორედ ქართველი დამთვალიერებლისთვის გამოიფინება.
„მე საქართველოს ჩემს მეორე სამშობლოდ აღვიქვამ, აქ ჩემი მეორე სახლია. მე დავიწყე ხატვა, მანამ აქ პირველად აღმოვჩნდებოდი. ხე და ქვა სწორედ საქართველოს წყალობით გაჩნდა ჩემს შემოქმედებაში, მას მერე, რაც გავიცანი ამ ქვეყნის უძველესი და უჩვეულოდ ძლიერი კულტურა“, – აღიარებს მხატვარი.
ალექსანდრე ჟივოტკოვის შემოქმედებაში თავს იყრის ევროპული და აღმოსავლური კულტურების მთელი სპექტრი, რომელიც დროსა და სივრცეშია განფენილი. მკაცრ მონოქრომულ გამოსახულებებში და მრავალმხრივ მგრძნობელობით ფორმებში იკითხება მხატვრის სიყვარული ფაიუმის პორტრეტის, ადრეული ქრისტიანული კატაკომბების, სკვითური კერპების თუ უკრაინული ხატების, ქართული ჭედურობისა და ტიბეტური ხელნაწერების მიმართ.
მხატვრის შემოქმედება გაჯერებულია რიტუალურობით, კონცენტრირებულია პროცესზე, რომელიც ავტორისგან და მაყურებლისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანის სულის უმაღლესი დაძაბულობა იცვლება კათარზისით – თითქოს შესაძლებლობას აძლევს დაემორჩილოს, მიეცეს ბუნების სტიქიას. მხატვარი იყენებს მხოლოდ ბუნებრივ, ცოცხალ მასალას. მის საღებავად იქცა მიწა, ჭვარტლი, გამურული ხე. ყველა მისი განცდა რეალური, ხორცშესხმული და კონკრეტულია – კონკრეტული ყველაფერში, გარდა დროისა, რადგან მიმართულია მარადიულობისკენ.
გამოფენის ორგანიზატორები არიან – საქართველოს ეროვნული მუზეუმი და არტ ფონდი ,,სტედლი’’.
გამოფენა  25 თებერვლამდე გასტანს.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები