თორნიკე ბზიავა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მომხდარი ინციდენტისას დაკავებული თორნიკე ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა.

მეორე დაკავებულის ბექა წიქარიშვილის თაობაზე კი, სასამართლოს დღეს არ უმსჯელია. ის დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატი წიქარიშვილს მოგვიანებით მოინახულებს.

„აღნიშვნის ღირსია თბილისის საქალაქო სასმართლოს სამარცხვინო საქციელი, იმიტომ, რომ ველოდებოდით შუადღიდან და მოსამართლის თანაშემწემ, რომელმაც განიხილა თორნიკე ბზიავას საქმე, მითხრა რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდა. თუმცა, რაღაც მოტყუებით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე და ის დააჯარიმა 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ბექა წიქარიშვილის საკითხს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში. პროცესი დღეს არ ჩატარდება, შესაბამისად, ველოდებით, რომ ხვალ ჩაინიშნება პროცესი. მანამდე, აუცილებლად მოვინახულებ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. მსახიობის მეგობრებმა, რეჟისორმა თორნიკე ბზიავამ და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა მანდატურს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ორივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

მოგვიანებით, შსს-ს ინფორმაციით, სასამართლოს შესასვლელი კარის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე, წიქარიშვილისა და ბზიავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი გიორგანაშვილი 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცლოდ გაათავისუფლეს. ის 25 იანვარს დააკავეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები