თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკური მოტივით დაკავებული თეიმურაზ ჟღენტი უდანაშაულოდ ცნო

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის 23 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თეიმურაზ ჟღენტის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ პოლიტპატიმრის განცხადების საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თეიმურაზ ჟღენტის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2011 წლის მაისის თვეში თეიმურაზ ჟღენტი აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ გასამართი საპროტესტო აქციის მზადების და ორგანიზების პროცესში, რა მიზნითაც ახდენდა დაგეგმილი აქციების თაობაზე ისანი-სამგორის რაიონის მასშტაბით მოსახლეობის ინფორმირებას და მობილიზებას.
სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, აქციის ორგანიზებაში ხელშეშლის მიზნით, 2011 წლის 21 მაისს, თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომლების მიერ უკანონოდ დაკავებულ იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სასურსათო მაღაზიისკენ მიმავალი თეიმურაზ ჟღენტი, რომელსაც ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც ეს უკანასკნელი თითქოს გადაადგილდებოდა.
ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული თეიმურაზ ჟღენტი გასამართლებულ იქნა 2011 წლის 13 სექტემბერს და მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან საპატიმრო დაწესებულება, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წლის იანვარში დატოვა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა. ამრიგად, როგორც ახალი გამოძიების პროცესში, ასევე ხელახალი სასამართლო განხილვისას, მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტპატიმარ თეიმურაზ ჟღენტის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახალგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 52 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 15 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები