დეკრიმინალიზაციის შემთხვევაშიც, საზღვარზე ნებისმიერი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანაზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც კი, ლიბერალური პოლიტიკა არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ პირადი მოხმარების დოზას პირი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიძენს და საზღვარზე შემოიტანს.
მისი თქმით, საზღვარზე ნებისმიერი ოდენობის აკრძალული ნარკოტიკული საშუალების შემოტანის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
დეპუტატის განმარტებით, ეს ცვლილება კანონპროექტში სამართალდამცავი სტრუქტურების რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
„ჩვენ კანონპროექტით შემოთავაზებული გვქონდა, რომ ასევე პირადი მოხმარებისთვის განსაზღვრული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების საზღვარზე შემოტანის შემთხვევაში, არ მომხდარიყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა ამაზე სამართალდამცავმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შეიძლება წახალისდეს ნარკოტიკის ქვეყანაში შემოტანა. დავეთანხმეთ და შემოტანის შემთხვევაში გავრცელდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.