სერჟ სარგსიანმა პოლიტიკური მემკვიდრე წარადგინა

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტის რეზიდენციაში მისი მემკვიდრე წარადგინა. ეს დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი არმენ სარქისიანია. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ იყო მიღებული და სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ ერთხმად მხარდაჭერილი. სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრეზიდენტი პარლამენტში ფართო მხარდაჭერის პირობებში იქნება არჩეული. “ამ ჩვენი სურვილის გათვალისწინებით, ვფიქრობ სწორი იქნება ჩვენი კოალიციურ პარტნიორებთან და სხვა საპარლამენტო ძალებთან შეხვედრა“–განაცხადა პრეზიდენტმა. ის იმედოვნებს, რომ არჩევნები ერთი ტურით ჩატარდება და მარტის დასაწყისში უკვე ცნობილი იქნება სომხეთის ახალი პრეზიდენტის ვინაობა. მოქმედი პრეზიდენტი კი უფლებამოსილებას 9 აპრილამდე შეინარჩუნებს. სომხეთის ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მოვალეობები მკვეთრად შეიზღუდება, მათი უმეტესობა კი ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებზე გადანაწილდება. პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი გზით სომხეთში აღარ ჩატარდება–პრეზიდენტს ამომრჩევლების კოლეგია აირჩევს. კოლეგია პარლამენტის დეპუტატებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებისგან შედგება. პრეზიდენტი შვიდი წლით ირჩევა.
სომხეთის მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არმენ სარქისიანი სრულიად აკმაყოფილებს მის წარმოდგენებს მომავალი პრეზიდენტის შესახებ: “მიმაჩნია, რომ მეოთხე პრეზიდენტი უნდა იყოს შემდგარი და ბრწყინვალე პიროვნება, პოლიტიკურად მომზადებული და გამობრძმედილი, მაგრამ არაპოლიტიზირებული. განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის და საზოგადოების სხვადასხვა შრეებს შორის დაძაბულობის მოხსნის მიზნით, მან დიალოგის ორგანიზება უნდა შეძლოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები