პროკურატურა ,,ენმ“-ის პოლიტიკური საბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული პირისთვის პატიმრობას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ალეკო კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს, ა.კ.-ს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა დიდი ხნის ნაცნობმა და მეზობელმა ი.რ.-მ. ხსენებული პირები ერთმანეთს შეხვდნენ 2018 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ს. ცინცაძის ქუჩაზე, რა დროსაც ი.რ.-ს ახლდა მეგობარი შ.ი. შეხვედრისას ი.რ.-მ ა.კ.-ს უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხა 600 ლარის ოდენობით და სთხოვა დახმარება, თუმცა ა.კ.-მ განუმარტა, რომ ხსენებული თანხა არ გააჩნდა. ამის შემდეგ ი.რ.-მ ა.კ.-ს სთხოვა სწრაფი ონლაინ სესხის გაკეთება, ან მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება, რაზედაც ა.კ.-მ კვლავ უარი განუცხადა. ა.კ.-ს მხრიდან უარის მიღების შემდეგ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს კატეგორიულად მოსთხოვა დახმარებოდა ი.რ.-ს, თუმცა მორიგი უარის შემდეგ შ.ი.-მ მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ა.კ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
2018 წლის 19 იანვარს შ.ი. ბრალდებულის სახით თბილისში იქნა დაკავებული. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობის შეფარდებას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, –აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები