ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის სკანდალური დეტალები – უფლებადამცველი ზვიად კუპრავა 51-ე სკოლის გარდაცვლილი მოსწავლის დავით სალარიძის ოჯახის პრეტენზიებს ახმაურებს

0

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, არსებითი განხილვა 22 იანვარს 11 საათზე დაიწყება. 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობა ბრალად ორ არასრულწლოვანს ედება. საქმის შესახებ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება.
რამდენიმე დღის წინ არასამათავრობო ორგანიზაციის “სამართალდამცველთა რეფორმების” ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ვკითხულობთ: გამოძიებას დადგენილი აქვს, რომ ჩხუბში მონაწილეობდა 21 არასრულწლოვანი, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში ასახელებს მხოლოდ 13-ის გვარს, დანარჩენ მონაწილეებს მოიხსენიებს ტერმინით – “და სხვები”. ხომ არ იმალება დაუსახელებელი გვარების უკან მაღალჩინოსნების შვილები?!. კუპრავა აცხადებს, რომ ინციდენტის შესახებ გარკვეული დეტალები საკუთარი წყაროებიდან გაარკვია. “ვერსია” დაინტერესდა, რა ინფორმაციას ფლობს 51-ე სკოლის სისხლიანი გარჩევის შესახებ ზვიად კუპრავა, რომელიც აცხადებს, რომ ინციდენტის დროს გარდაცვლილი დავით სალარიძის მამასთან, ზაზა სალარიძესთან ერთად იკვლევს მკვლელობის საქმეს. ზვიად კუპრავა სკანდალური დეტალების შესახებ გვიამბობს:
– 51-ე სკოლის ინციდენტზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობ. გარდაცვლილი დავით სალარიძის ოჯახთანაც მაქვს ურთიერთობა და ამ საქმის მოწმეებთანაც, მოკლედ, ყველა მხარესთან. მეტიც, დაზარალებული მხარის, დავით სალარიძის ოჯახის თხოვნით, ჩვენი ორგანიზაცია დაიცავს მათ უფლებებს. ვარ უფლებამოსილი, ოჯახის სახელით ვისაუბრო და დავსვა კითხვები, რომლებიც მათ გააჩნიათ.
– და, რა კითხვები აქვს გარდაცვლილის ოჯახს?
– ამ საქმეში გაუგონარი რაღაცები ხდება. დავიწყებ იმით, რომ ოჯახი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. დავით სალარიძის უფლებამონაცვლედ ცნო მისი მამა, ზაზა სალარიძე. საქართველოს საპროცესო კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქმე დახურულია, დაზარალებულს უფლება აქვს, გამოითხოვოს საქმის მასალები და გაეცნოს მას შეუზღუდავი ვადით. დღემდე ვერ გამოვითხოვეთ სისხლის სამართლის ეს საქმე. პროკურატურა უხეშად არღვევს დაზარალებულის უფლებებს და ეუბნება, მოდი და აქ წაიკითხეო. მივიდა ზაზა სალარიძე და გამოუტანეს სამი უდიდესი ტომი, რის წაკითხვასაც დღეები სჭირდება, ურთულეს საქმეზეა საუბარი, არსის გასაგებად კვალიფიციური იურისტის მუშაობაა საჭირო. ზაზა სალარიძეს აქვს პრეტენზია, რომ მოწმეების ჩვენებები, რიგ შემთხვევაში, ისე ცუდად იყო დაქსეროქსებული, რომ უამრავი გვერდი ფიზიკურად არ იკითხებოდა, რაც შემთხვევითი არ უნდა იყოს.
– კიდევ რა მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ ამახვილებს ყურადღებას დაზარალებული მხარე?
– მაგალითად, ხელთ მაქვს დოკუმენტი _ პროკურატურის დადგენილება, სადაც პროკურატურა მოკლედ ყვება საქმის არსს. საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ასეთი რამ წერია: „მომხდარით შეშინებულმა ა.ს-მ, ვინაიდან დ.ნ-ს ჰქონდა პნევმატური იარაღი, დახმარებისთვის დაურეკა დეიდაშვილს მ.კ-ს და აუხსნა, რომ გაკვეთილების შემდეგ მასთან, მეგობარ თ.ჩ-სთან შეხვედრას აპირებდნენ უფროსკლასელები და არ იცოდა, რა შეიძლება მოჰყოლოდა აღნიშნულს… დაახლოებით 14 საათზე, მ.კ მეგობარ გ.ჯ-სთან, ა.დ-სთან, გ.ბ-სთან, გ.ი-სთან ერთად მივიდა 51-ე სკოლასთან, სადაც მათ გაკვეთილების დასრულების შემდგომ შეუერთდნენ ა.ს და თ.ჩ, ამასობაში სკოლასთან, მელიქიშვილის გამზირის მხრიდან, ასევე შეკრებილები იყვნენ ზემოთ აღნიშნულ პირებთან დაპირისპირებული მე-11 კლასელები და მათი მხარდამჭერები: დ.ნ, დ.ღ. დავით სალარიძე (გარდაცვლილი), გ.მ, ლევან დადუნაშვილი (გარდაცვლილი) და სხვები. დაახლოებით 15 ახალგაზრდა.“ – ახლა საქმე რაშია, ესაა უმძიმესი დანაშაული და პროკურატურა, რომლის გამოძიებაც უნდა იყოს დეტალური, ჩხუბში მონაწილე პირების კონკრეტული გვარების ჩამონათვალს აკეთებს და დანარჩენებზე წერს -“და სხვები”?. ეს კითხვა აქვს უპირველეს ყოვლისა დაზარალებულ მხარეს – რატომ არ აკონკრეტებს დანარჩენების გვარებს პროკურატურა, როცა გამოძიება დასრულებულია? წესით, მათ იდენტიფიცირებული უნდა ჰყავდეთ ყველა პირი და, ჩემი ინფორმაციით, ნამდვილად ასეა.
პროკურატურაში ამბობენ, საქმე მთლიანადაა გახსნილიო და გადაეცა სასამართლოს, რაც ნიშნავს, რომ ძიება დასრულდა და, თუ ახალი გარემოება არ წარმოიქმნა, ძიებას ვერ დაუბრუნდება. სალარიძის ოჯახს აქვს კითხვა, „და სხვებში“ ხომ არ იმალებიან არასრულწლოვანი პირები, რომლებსაც პროკურატურა აფარებს ხელს?
ამავდროულად, ჩვენი ინფორმაციით, ჩვენებებში ირკვევა, რომ ამ ჩხუბში დაიჭრნენ სხვა პირებიც. ვიცი მათი გვარები, თუმცა, ამ ეტაპზე, დასახელებისგან თავს შევიკავებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ თვითმხილველების ჩვენებებში დაფიქსირებულია რამდენიმე დაჭრილი ახალგაზრდა, თუმცა პროკურატურა მოწმესთან სიღრმისეულ დაკითხვაში არ შედის და არ ეძიება ამ საკითხს. ასევე დადგენილებაში, რომელიც ახლა ხელთ მაქვს, საერთოდ არაა საუბარი ამ დაჭრილ პირებზე.
– თუმცა, სასამართლოში პროკურორმა დაადასტურა ინფორმაცია სხვა დაჭრილების შესახებ.
– ეს იმიტომ, რომ ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა ამის შესახებ და პროკურორი იძულებული გახდა, პასუხი გაეცა, მაგრამ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა, დაზარალებულმა მხარემ ეს რატომ არ იცის? ოჯახს აქვს განცდა, რომ ხელს აფარებენ ვიღაც გავლენიანი პირის შვილს, რომელზეც არ უნდათ, დანაშაული გამოიკვეთოს.
მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი ჩვენებას აძლევს პროკურატურას და ამბობს: კი ვიყავი იქ, მაგრამ რამდენიმე მეტრში ვიდექი და შორიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს, არ ჩავრეულვარ ჩხუბშიო. ეს ბავშვი რეალურად დაჭრილია და ჩვენება შეუსაბამოა. სალარიძის ოჯახს აქვს კითხვა, თუ ჩხუბში არ ჩარეულა, დისტანციურად როგორ დაიჭრა? თუ დაიჭრა, რატომ მალავენ ამას?
– მხოლოდ კითხვებს სვამთ, თუ აპირებთ პროკურატურაში გაასაჩივროთ გამოძიების დარღვევების შესახებ?
– ამ ეტაპზე, კითხვებს ვსვამთ და თუ დამაჯერებელ პასუხებს არ მივიღებთ, გადავალთ მტკიცებით საუბარზე და დოკუმენტებით დავუპირისპირდებით.
მნიშველოვნად მიგვაჩნია კიდევ ერთი გარემოება _ ახლა ვინცაა პასუხისგებაში მიცემული, გ.ჯ, ამ ბავშვს პროკურატურა ედავება 12 ჭრილობას. დადგენილებაში წერია, რომ გ.ჯ-მ 12-ჯერ დაარტყა დანა დავით სალარიძეს, რასაც სალარიძის ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან მიაჩნია, რომ სალარიძეს გ.ჯ ვერ მიაყენებდა 12 ჭრილობას, ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე. დავით სალარიძე იყო 196 სმ სიმაღლის და 130 კგ-ს იწონიდა, იყო სპორტსმენი, რაგბისტი, რაც დადგენილია ექსპერტიზითაც. ნავარჯიშევი სხეული ჰქონდა და ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. გ.ჯ კი, დაახლოებით 40 კილოგრამია, დაბალი, გამხდარი, სუსტი ბიჭია, ამიტომ 12 ჭრილობას მასზე ბევრად ძლიერ ადამიანს ფიზიკურად ვერ მიაყენებდა. ზაზა სალარიძე ამბობს, თუ 12 ჭრილობა ნამდვილად მიაყენა გ.ჯ-მ დავით სალარიძეს, ეს ნიშნავს, რომ დავით სალარიძეს რამდენიმე პირი აკავებდა და აძლევდნენ საშუალებას, გ.ჯ-ს 12 ჯერ დაერტყა დანა. ეს ლოგიკური კითხვაა და, თუ მართლაც ასე მოხდა, გამკავებელიც ხომ მკვლელობის თანამონაწილეა და გამოდის, რომ სწორედ ის ეხმარებოდა გ.ჯ-ს მკვლელობის ჩადენაში. ეს მკვლელობის თანამონაწილეობაა და არაფრით არ გაირჩევა გ.ჯ-სგან, რომელიც დანას ურტყამდა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ, ჩვენი ინფორმაციით, გ.ჯ-ც ამბობს – 12-ჯერ კი არა, მხოლოდ ერთხელ დავარტყი დანა, დანარჩენი სხვებმა დაარტყესო. ერთხელ რომ დაარტყა, ეს სალარიძის მამამაც იცის, პირველად დანა გ.ჯ-მ დაარტყა დავით სალარიძეს ფეხში, მერე შეეშინდა და ხელი გაუშვა დანას, რომელიც სალარიძემ საკუთარი ხელით ამოიღო ფეხიდან. გ.ჯ-ს სხეულზე ჭრილობა არსად აქვს, ე.ი. ამოღებული დანა სალარიძეს გ.ჯ-სთვის საპასუხოდ არ დაურტყამს. გამოძიება ამბობს, რომ საქმიდან ამოღებულია მხოლოდ 2 დანა, არადა ერთი დანა, საკუთარი ფეხიდან ამოღებული, თავად სალარიძეს ეჭირა ხელში, თვითდაზიანებებს ხომ არ მიიყენებდა?! თუ ერთი დანა მას ეჭირა და მეორე დამჭრელს, ეს ნიშნავს, რომ ლევან დადუნაშვილი და დავით სალარიძე ერთი და იგივე დანითაა მოკლული. მოკლედ, ბევრი შეუსაბამობაა საქმეში, რაზეც პროკურატურა არ საუბრობს.
– სალარიძის ოჯახი პროკურატურას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს თუ იმაში, რომ გამოძიება სრულყოფილად მიზანმიმართულად არ ჩატარდა?
– მშობლებს აქვთ განცდა, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად მალავს ფაქტებს. თუ ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, პროკურატურაში მოვითხოვთ ცალკე გამოძიების დაწყებას დანაშაულის დაფარვისთვის. გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული მტკიცებულებები გამქრალია, არასრულყოფილადაა გამოძიებული საქმე და ა.შ. გენინსპექციაში მოვითხოვთ ამაზე რეაგირებას. მოკლედ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ 51-სკოლის საქმე ბუნდოვანია. გარდა იმისა, რაზეც თქვენთან საუბარი შევძელი, კიდევ ვფლობ ინფორმაციას, თუმცა არ გვინდა, ჭორაობა გამოგვივიდეს, არც მტკიცებულებების გარეშე ვაპირებთ საუბარს. ყველაფერი, რაზეც ამ ეტაპზე გესაუბრეთ, მტკიცებულებებითაა გამყარებული.

წყარო: გაზეთი ,,ვერსია“

კომენტარები

კომენტარი