აქვს თუ არა დიპლომი და როგორ პასუხობს საზოგადოებაში ატეხილ ხმაურს დავით ჭიჭინაძე -“გლეხებისთვის არ მიმიმართავს”

0

“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გლეხების მისამართით გაკეთებული მისი დღევანდელი განცხადება, არ იყო მათ ზოგად განათლებაზე ნათქვამი. როგორც დეპუტატმა „კვირასთან“ საუბარში განმარტა, აქ იყო იმ ცოდნაზე საუბარი, რაც გლეხებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ აქვთ.

„კომიტეტის სხდომაზე მიდიოდა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაზე ცხარე კამათი, მე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელს ვუპასუხე და გლეხებისთვის არ მიმიმართავს. პირიქით, მე მათ ვიცავდი. სამინისტროს წარმომადგენელი ამბობდა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, დავურიგეთ გლეხებს პესციდიტები და მათ ვერ შეძლეს მოვლა, ამაზე იყო საუბარი და გლეხს რომ მაგის ცოდნა ჰქონდეს როგორ და რანაირად გამოიყენოს…

მე რატომ უნდა ვილაპარაკო გლეხების განათლებაზე, განათლების კომიტეტის წევრი არ ვარ, მე ვარ ეკონომიკური გუნდის წევრი. ისინი საუბრობდნენ, რომ დაურიგეს ეს პესციდიტები გლეხებს, მარა ვინ სწავლობს ამას, ამიტომ მე ვიყავი მომხრე და ვარ რომ სახელმწიფომ თავად აიღოს თავის თავზე, მიეხმაროს ადამიანებს, არ არის საჭირო გლეხებს ვასწავლოთ. გლეხებს ვერ ვასწავლით ჩვენ პესციდიტებისა და ფაროსანასთან  ბრძოლას, ეს ვერ შეძლო აშშ-მ, შვეიცარიამ, ეს არის  სერიოზული პრობლემა და თუ რომელიმე გლეხი იმას ისწავლის თუ ფაროსანა როგორ დაამარცხოს, ის ნამდვილად გლეხი აღარ იქნება, ის პრემიის ლაურეატი იქნება“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, შეესაბამება თუ არა სიმართლეს რომ მას თავად არ აქვს დიპლომი, ჭიჭინაძე პასუხობს: „ჩემი დიპლომი დევს პირად საქმეში პარლამენტში“.

„1988 წელს, როდესაც მე პრინციპში დავამთავრე სწავლა და უნდა დამეცვა დიპლომი, განაწილებით სამი წელი უნდა გემუშავა ადამიანს რომ დიპლომი აგეღო. მე განაწილებით სამ წლიან მუშაობას ვამჯობინე ბიზნესით დავკავებულიყავი. როდესაც ჩამოვედი 12 გამოცდა გადავაბარე და შესაბამისად 2000 წლის 25 დეკემბერს დავიცავი დიპლომი, სხვათაშორის სტუდენტებთან ერთად და არა ცალკე… მაშინ ასე იყო, სამ წლიანი განაწილებით უნდა გემუშავა ადამიანს რომ დიპლომი მიგეღო, სხვა რეალობა იყო და იმ შემთხვევაში ეს იყო ჩემი კონკრეტული არჩევანი, ამიტომ მე ვამჯობინე ბიზნესში წასვლა, ვიდრე დიპლომის გამო სამი წელი 90 მანეთად მუშაობა“,- აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, გარემოსა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობდნენ.

“სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”, – ასე გამოეხმაურა დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას, რომ გლეხს უნდა ვასწავლოთ, როგორ ებრძოლოს მავნებელს.

დეპუტატის ამ განცხადების შემდეგ გაირკვა, რომ დავით ჭიჭინაძე პირველად პარლამენტარი დიპლომის გარეშე გახდა. მეხუთე მოწვევის პარლამენტი 1999-2004 წლებში იყო, თუ ჭიჭინაძემ დიპლომი 2000 წელს აიღო, შესაბამისად ის პირველი მოწვევის პარლამენტში შესვლისას უდიპლომო იყო.

კომენტარები

კომენტარი