რა წერია აუდიტის დასკვნაში და რა არგუმენტით პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო სამსახურს

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში 29 222 დოზა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა.
საქმე ეხება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც საქართველოში 2016 წელს დაახლოებით 30 ათასმა ადამიანმა ცოფის საწინააღმდეგო აცრისთვის გამოიყენა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევების თანახმად, საქართველოში ანტირაბიული ვაქცინებითა და შრატით (იმუნოგლობულინი) უწყვეტი მომარაგების ფონზე, 2015 წელს პირველად იქნა მიღწეული ადამიანთა ცოფით დაავადების ნულოვანი მაჩვენებელი, რომელიც 2016 წელსაც შენარჩუნდა. 

ფაქტია, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ინფორმაცია სრულიად ეწინააღმდეგება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის შედეგებს. სკანდალური ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის მიერ 2018 წლის სამუშაო გეგმაშია ასახული.
„ზედამხედველობის რისკი – 2010 წლის შემდგომ არ ჩატარებულა აუდიტი. ინსტიტუციური შეფასების საფუძველზე გამოვლენილი მაღალრისკიანობა – ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვა- ანგარიშგების, მარაგების მართვის მნიშვნელოვანი დარღვევა/ნაკლოვანებები; მხარჯავ უწყებაში/პროგრამის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები ან ცვლილებები – შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს. გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი მართვის პრობლემები – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით.“ – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა მედია-საშუალებებმა სხვადასხვა ინტრპრეტაციით გაავცელეს, რასაც საზოგადოებაში ხმაური და აჟიოტაჟი მოჰყვა. დღის ბოლოს, ამ თემასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. აღმოჩნდა, რომ აუდიტის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ”გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც ეხებოდა იმუნიზაციის პროცესს. ის, რაც პუბლიკაციაში წერია, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაცემული აქვს რამდენიმეჯერ არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის. მათ შორის, გუშინწინ გაიმართა სხდომა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დაუსაბუთეს აუდიტის სამსახურს ჩვენი პოზიციის ავთენტურობა. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კოტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და იყო დაპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება ქვეყანაში დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. მედიცინის ისტორიის ბოლო 200 წლის განმავლობაში ამაზე უკეთესი ინტერვენცია საზოგადოებას ჯერ არ მოუგონია, რამაც გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, დღევანდელი პუბლიკაციის სათაურში არ არის ნახსენები, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ცოფის ვაქცინა და არა ის გეგმიური ვაქცინები, რომლებიც ჩვენს ბავშვებს უკეთდებათ კალენდრის მიხედვით”, – განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
 აღსანიშნავია, რომ ცოფის სააწინააღმდეგო ვაქცინა 2014 წლის 14 აპრილის N690 განკარგულების საფუძველზე შემოიტანეს. უფრო კონკრეტულად კი: „პროტოკოლი მომზადდა „ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N690 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იმუნიზაციის ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით“ – ნათქვამია ანტირაბიული სამედიცინო დახმარების პროტოკოლში.

დღესვე, ჯანდაცვის სამინისტროს ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელი პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ამ ვაქცინამ ათასობით ადამიანი გადაარჩინა. „ამ ვაქცინამ საქართველოში ათასობით ადამიანი გადაარჩინა ცოფისგან ისე, რომ არც ერთი გვერდითი მოვლენა არ ჰქონიათ. ასე რომ, ვაქცინის ხარისხზე ლაპარაკი კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. ნახევარი მსოფლიო იცრება ვაქცინებით, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით იმიტომ, რომ მოკვდებოდნენ ადამიანები, თუ ცოფის ვაქცინას არ გავუკეთებდით. სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ, უმოკლეს დროში ახალი შემოვიტანეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა არ ვარგოდა,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. 

ექიმი-ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ თუ ამ ვაქცინას არ გამოიყენებდნენ, შესაძლოა, ცოფის შემთხვევები ფატალურად დასრულებულიყო. „გართულება შესაძლებელია მოჰყოლოდა, რომ მიგვეღო ცოფის შემთხვევები და ვაქცინას ვერ შეესრულებინა თავისი მოვალეობა, ანუ ადამიანები ცხოველთან კონტაქტის შემდეგ, ცოფით დაავადებულიყვნენ. მოგეხსენებათ, ცოფი ინფექციური დაავადება, რომელსაც ლეტალური შედეგი ახლავს, ანუ გარდაუვალია სიკვდილით დასასრული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ პრეპარატით ვაქცინირებული ადამიანების სხვა ალტერნატიული დახმარება ვერ იქნებოდა შესაძლებელი და რამდენად ღირდა პანიკის ატეხვა, რაც სრულიად უსაფუძვლოა?!“- განაცხადა ექიმმა-ეპიდემიოლოგმა, მონაცემთა კვლევის ჯგუფის (DRG) დირექტორმა, მაია ბუწაშვილმა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნულ სკანდალურ ინფორმაციაზე განმარტებება ამ დრომდე არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ ცოფი ან ჰიდროფობია მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით. როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, გამოცდილი ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით.

სხვა ინფექციური დაავადებებისაგან განსხვავებით, ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი ძლიერ ეფექტურია და ავადობის შემთხვევები გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს, მაგრამ არასრულყოფილად. საქართველოში, უკანასკნელად ცოფის 4 შემთხვევა 2014 წელს დაფიქსირდა. 2012-2011წლებში კი, 3-3 შემთხვევა აღირიცხა. ყველა ეს ფაქტი, ადამიანის დაავადების შემთხვევის აღრიცხვის ფორმით, დარეგისტრირებულია დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონულ სისტემაში. 2012 წელს ჰიდროფობია _ ორ რეგიონში, ხოლო 2011 წელს სამ რეგიონში დაფიქსირდა.
იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები