აგრარულ საკითხთა კომიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა განიხილეს

0

აგრარულ საკითხთა კომიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა და სამოქმედა გეგმა პარლამენტარებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გააცნო. მისი თქმით, აზიურ ფაროსანას მრავალწლიანი ბრძოლა სჭირდება, თუმცა მიმდინარე წელი დამახასიათებელი იქნება იმით, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ, გასული წლის მაგალითზე, ქვეყანამ საკმაო გამოცდილება შეიძინა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტები რეკომენდაციებს უკვე საქართველოში მიღებული გამოცდილების მიხედვით იძლევიან. საქართველოს მოსახლეობამ ისიც დაინახა, რომ ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლა საბოლოდ შედეგიანი რომ  იყოს, აუცილებელია მათი ჩართულობა.

მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი პროგრამა სრულყოფილად შეძლებს 2018 წელს აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლას.  მისი თქმით, სამოქმედო გეგმა გაწერილია თვეების, კვირების, დღეების ჭრილში და ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყება ბუნებრივი კლიმატური პირობების შესაბამისად. როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო 2018 წლიდან ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდს ცვლის და სამუშაო არეალად განსაზღვრავს იმ საჯარო სივრცესაც, რომელმაც შესაძლოა მავნებლის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

როგორც გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, აზიური ფაროსანას პრობლემის დარეგულირება შესაძლებელია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. სახელმწიფო დღეს ახორციელებს იმ სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ პროცედურებს, რომელიც ეხება წამლის, დანადგარების და მათი გადამტანი ტექნიკის ყიდვას. „ვფიქრობთ, რომ მოკლე ხანში სახელმწიფო სტრუქტურა მთლიანად მზად იქნება  აზიური ფაროსანის წინააღმდეგ საბრძოლველად”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

2018 წლის პროგრამა ითვალისწინებს სამ ძირითად ეტაპს:

პირველი ეტაპის მიხედვით, აზიური ფაროსანას გავრცელებაზე განხორციელდება საყოველთაო მონიტორინგი მთლიანად საქართველოში ფერომონების მეშვეობით. განთავსდება 100 000-ზე მეტი ფერომონი და იქნება პრაქტიკულად ყოველკვირეული მონიტორინგი, რის მეშვეობითაც გვეცოდინება, სად და როგორ ვრცელდება აზიური ფაროსანა;

მეორე – საქართველოს მოსახლეობა, ფერმერები თვითონ დაამუშავებენ თავიანთ ნაკვეთებს და სახელმწიფოსგან ისინი მიიღებენ დამუშავებისთვის საჭირო რეკომენდაციებს, როდის და რა ნაბიჯები უნდა გადადგან;

მესამე ეტაპის მიხედვით, სახელმწიფო დაამუშავებს მილიონ ჰექტრამდე საჯარო სივრცეს, რომელთა დამუშავება აუცილებელია იმისათვის, რომ მწერის გავრცელება მაქსიმალურად შეიზღუდოს.

მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე ღონისძიებები როგორც ფერმერების, ისე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება გარემოს დაცვის მოთხოვნების უმკაცრესად დაცვით, რაც აღიარებულია  ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობით.

2018 წლის ღონისძიებებისთვის დაახლოებით 50 მლნ ლარია გათვალისწინებული. მოხდება შესაწამლი ტექნიკის შესყიდვა, წამლისა და საწვავის შეძენა, მომსახურე პერსონალის დაქირავება და ა.შ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაგეგმილია ფართო საინფორმაციო კამპანიაც. მისივე თქმით, გამოყოფილია თანხა მეცნიერებისთვის ამა თუ იმ მიმართულებით კვლევების ჩატარების მიზნით. ამასთანავე, შესაძლოა დაიწყოს მოკვლევა ბიოლოგიური მტრის შემოყვანის მიმართულებით.

გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად ფაროსანასთან ბრძოლაში დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაც არის გათვალისწინებული.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატთა კითხვებსაც უპასუხა.

„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, რომელშიც მთელი მთავრობა უნდა იყოს ჩართული,  ყველა სტრუქტურა ერთსულოვნად უნდა იყოს ჩართული. რამდენიმე სტრუქტურა არასათანადოდ აღიქვამს ამას და კარგი იქნებოდა, განსაკუთრებით რეგიონულ ნაწილში გააქტიურდნენ. თუ ჩვენ მართვა არ გვექნება სათანადოდ რეგიონალური, ადგილობრივი, სოფლის მუნიციპალიტეტის, დაბის  დონეზე, მერწმუნეთ, რომ რაც არ უნდა ძალისხმევა ჩადოთ ამაში, არ იქნება ის შედეგი რომელიც არის მისაღწევი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ. მისი თქმით, პრობლემა არის სერიოზული,  ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, განსაკუთრებით  საჭირო ტექნიკის შეძენის კუთხით და ხელისუფლებამ აპრობირებული მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოს. ოთარ დანელიას განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობის, ფერმერების ინფორმირებულობა, დეპუტატების ადგილებზე ჩასვლა და იმ პროცესებში ჩართვა, რაც აუცილებელია  პრობლემის გადასაჭრელად. მან კოლეგებს გააქტიურებისაკენ მოუწოდა. მისივე თქმით, კომიტეტი ასევე მზადაა საკანონმდებლო კუთხით მხარდაჭერისთვის, თუ კი ამის აუცილებლობა დადგება.

ოთარ დანელიას განცხადებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის ქვეყანა მაისამდე სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.  „ჩვენ მოვისმინეთ  ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება სახელმწიფო ფაროსანასთან საბრძოლველად.  ეს არის მიმდინარე პროცესი და იმაზე საუბარი, არის თუ არა საკმარისი ეს მზადება, ჯერჯერობით ნაადრევია. ჩვენ დაახლოებით მაისიდან უნდა ვიყოთ მზად ფაროსანასთან საბრძოლველად. ჯერ დრო არის, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაზღვიოთ ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ვიყოთ სრულ მზადყოფნაში. მე მჯერა, რომ ასეც იქნება, და თუ არ ვიქნებით მზად, პირველი მე ვიქნები, რომელიც ამ საკითხს დააყენებს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს კომიტეტი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი