ბიძინა ივანიშვილი „დავით სარაჯიშვილის პრემიით“ დაჯილდოვდა

მსახიობის სახლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქართული თეატრის დღეს ჩატარდა, დაჯილდოებულთა შორის ბიძინა ივანიშვილიც აღმოჩნდა. მას დავით სარაჯიშვილის სახელობის პრემია გადაეცა.  ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა გაავრცელა.
მეცენატებისთვის დაარსებული პრემია თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გადაეცემათ. ბიძინა ივანიშვილთან ერთად პრემიის პირველი ლაურეატები გახდნენ: გიორგი თოფაძე, თელავის ღვინის მარანი, ლაშა პაპაშვილი, გიორგი რამიშვილი და ელგუჯა ბუბუტეიშვილი.
„დღეს, 14 იანვარს, მსახიობის სახლში, თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, სახელობითი პრემიები გაიცა: ახმეტელის პრემია – სოსო ნემსაძე, ხორავას პრემია – ზურაბ ყიფშიძე, ვერიკო ანჯაფარიძის პრემია – მაია ცეცხლაძე, ვენერა ფეიქრიშვილი, პეტრე ოცხელის პრემია მირიან შველიძე, მურაზ მურვანიძე.
ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 120-ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა ერთჯერადი პრიზი “ვერიკო 120″, რომელიც გადაეცათ: ნინო ანანიაშვილს, კირა მებუკესა და გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლს „ალჟირი”.
თეატრალური საზოგადოების წოდება “ამაგდარი”გადაეცა საქართველოს სხვადასხვა თეატრში მომუშავე 24 ადამიანს, რომლებსაც თეატრში მუშაობის 50 და მეტი წლის სტაჟი აქვთ და ისინი სცენის მიღმა შრომობენ, მათ შორის იყო 93 წლის გიორგი მერგელოვი, რომელიც 1942 წლიდან ანუ 76 წელია მუშაობს მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
წოდება „ამაგდარი” მიენიჭა ყველასათვის ძვირფას ქუთაისელს – მაია პაქსაშვილს.
დაარსდა „დავით სარაჯიშვილის პრემია“ მეცენატებისათვის. იგი გადაეცემათ თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს. ამ პრემიის პირველი ლაურეატები გახდნენ: გიორგი თოფაძე, ბიძინა ივანიშვილი, თელავის ღვინის მარანი, ლაშა პაპაშვილი, გიორგი რამიშვილი და ელგუჯა ბუბუტეიშვილი.
დაფუძნდა სახელობითი პრემია „ჭინჭრაქა“  საუკეთესო საბავშვო ან/და თოჯინური სპექტაკლისათვის.
გიორგი ჯაბადარის სტუდიის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით დაფუძნდა „ჯაბადარის პრიზი“, რომლითაც დაჯილდოვდებიან თეატრალურ პედაგოგიკაში განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პირები.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სკეპტიკური განწყობებიც და სამართლიანი თუ უსაფუძვლო კრიტიკული მოსაზრებებიც, სასიამოვნოა რომ დღევანდელი დღე მსჯელობის საგნად იქცა. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი რომელიც იწონებდა თუ იწუნებდა დღევანდელ ცერემონიალს ქართულ თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები არიან და ერთმანეთის აზრების გათვალისწინებითა და კეთილგანწყობით მომავალს უკეთ დავგეგმავთ.
რაც მთავარია, დაჯილდოვებული ყველა ადამიანი ნამდვილად ძალიან ღირსეულნი არიან და გულწრფელად ვულოცავ მათ ამ აღიარებას“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები