მურაზ მურვანიძის გამოფენა ხელოვნების სასახლეში 14 თებერვლამდე გაგრძელდება

ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო მხატვრის, სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის – მურაზ მურვანიძის გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვანის შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც იტალიის, საფრანგეთის, რუსეთის, კანადის, აშშ-სა და საქართველოს თეატრებში დადგმულ სპექტაკლების ესკიზებს აერთიანებს.
თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორატიული განყოფილების დასრულების შემდეგ, მურაზ მურვანიძემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა, რასაც პეტერბურგის ისტორიული „მარიას თეატრი“ და სხვა დიდი წარმატებები მოჰყვა.
მურაზ მურვანიძე არის სახელმწიფო, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა მრავალი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი; საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ს (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი; სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრის, მონტე კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე კარლოს (1990-1993) მთავარი მხატვარი. მხატვარი მუშაობდა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო, საოპერო და საბალეტო თეატრებში.
აღსანიშნავია, რომ მურაზ მურვანიძე თავისუფლების მოედანზე, წმიდა გიორგის მონუმეტზე აღმართული საახალწლო დეკორაციისა და მთაწმინდის პარკის, „ბომბორას“ ავტორია.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 თვე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები