მიხეილ სააკაშვილი: გამაფრთხილეს, რომ თემურ ნიშნიანიძეს დააპატიმრებდნენ და აი, აპატიმრებენ

„მე გამაფრთხილეს, რომ თემურს დააპატიმრებდნენ. ის საერთოდ არაფერ შუაშია. მთელი ისტორია მე მეხება და ჩემს გაჩუმებას ცდილობენ“, – ამის შესახებ კიევში ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის, თემურ ნიშნიანიძის საქმის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც დღეს სასამართლოში მიმდინარეობდა.
საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, თემურ ნიშნიანიძეს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისება, შეთქმულება და არაკანონიერი შემოსავლების გათეთრება ედება. დღევანდელ პროცესს მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, რომელიც ოდესაში მას ეხმარებოდა, აპატიმრებენ შვიდი წლის წინანდელი „საქმის“ გამო, მაშინ, როცა მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა.
„ერთხელ ვთქვი, რომ თემურის ბედი იმაზეა დამოკიდებული, გავჩუმდები თუ არა. მე. რა თქმა უნდა არ გავჩუმდი. 1961 წლის ვენის კონვენციის მიხედვით, მსოფლიოში არსად არ დაუპატიმრებიათ დიპლომატი. მე არ ვიცი პოროშენკო რომელ უმაღლესში სწავლობდა. პირველივე კურსზე ასწავლიან, რომ არ შეიძლება დიპლომატის დაპატიმრება დიპლომატიური ფუნქციის შესრულებისას განხორციელებული საქმიანობის გამო. ჩემთან დაკავშირებით, მან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმა დაარღვია და მოქალაქეობის გარეშე დამტოვა, თემურთან დაკავშირებით კი პირდაპირ ირღვევა ვენის კონვენცია დიპლომატიურ სამსახურთან დაკავშირებით. მსოფლიოში არსად არ ასამართლებენ დიპლომატებს, ისინი დიპლომატიურ იმუნიტეტს იყენებენ. ველური, ლუცენკოსავით ოროსანი უნდა იყო, გაუნათლებელი, თუმცა განათლებაც არაფერ შუაშია, სინდისი არ უნდა გქონდეს.
ლუცენკო ქურდია. რაც აქ ხდება, პირდაპირი დარღვევაა საერთაშორისო უფლებებისა. ეს სუფთა პოლიტიკური საქმეა. ვენის კონვენციის მიხედვით, თემური 10-ჯერ უარესი დამნაშავეც რომ იყოს, მისი გასამართლება არ შეიძლება. ესენი ოროსანი ქურდები არიან, რომლებმაც არ იციან ელემენტარული კანონები და კონვეციები. მათთვის კანონი არ არსებობს. მე გამაფრთხილეს, რომ მას დააპატიმრებდნენ და აი, აპატიმრებენ. მე ჩემს მორალურ ვალდებულებად ვთვლი, ამ ადამიანს მხარი დავუჭირო, ვინაიდან ვიცი, სად არის ძაღლის თავი დამარხული. ის საერთოდ არაფერ შუაშია. მთელი ისტორია მე მეხება და ჩემს გაჩუმებას ცდილობენ“, – განაცხადა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები