ესპანეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავა

ესპანეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. გამოცემა „„ელ პაისი“-ს ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ალიკანტეში ცხოვრობდნენ. დაკავებულებს ბრალად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა და ექვსი სახლის გაძარცვა ედებათ. მათ აქედან ორი სახლი ალიკანტეში, ხოლო ოთხი მადრიდში გაძარცვეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალის ნაწილი – ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, დაზარალებულთა პერსონალური დოკუმენტები და სახლში შეღწევისთვის აუცილებელი ხელსაწყოები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება გრძელდება და როგორც სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ესპანეთში დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან მათი თქმით, ესპანეთში საქართველოს საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები