“თიანეთის მერიის არაკომპეტენტურობის გამო, მოსახლეობა იძულებულია თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილდეს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ თიანეთში მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია, ორი დაბის და 80 სოფლის მოსახლეობა იძულებულია თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილდეს. მისივე ინფორმაციით, ყოველივე ეს თიანეთის მერიის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია.
მან აღშფოთება გამოთქვა იმის თაობაზეც, რომ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე 30-მდე საჯარო მოსამსახურე გაყინვისთვისაა განწირული.
“როგორც მაცნობებენ, თიანეთში მე-11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია. ორი დაბის და 80 სოფლის მოსახლეობა იძულებულია თოვლში და სიცივეში ფეხით გადაადგილდეს. ბოლო ოთხი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი თიანეთის მერიის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის გამო გაჩერდა. წარმოიდგინეთ, რომ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი, ავტობუსების ან მეტროს სახით, თუნდაც ერთი დღე გაჩერდეს. ეს სრულ სატრანსპორტო კოლაფსს და ხალხის სრულიად სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევდა. თიანეთის მუნიციპალიტეტში კი უკვე მე-11 დღეა, რაც ეს მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანს ცნობის ასაღებად, იუსტიციის სახლის ოთხასამდე სერვისიდან რომელიმეს მისაღებად, უცხოეთიდან საბანკო ანგარიშზე გადმორიცხული დახმარების მოსახსნელად, კომუნალური გადასახადის გადასახდელად, წამლის თუ საკვების შესაძენად, სოფლის ექიმთან ბავშვის ან მისი ოჯახის სხვა წევრის გასასინჯად მისასვლელად და ასევე ბევრი სხვა ადამიანური საჭიროებისათვის, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სჭირდება.
აღმაშფოთებელია ასეთი გულგრილობა და არაკომპეტენტურობა, როდესაც ხელთ გაქვს ყველა საჭირო ფინანსური სახსარი და მარტივი პროცესის ორგანიზებას ვერ ახდენ. აღმაშფოთებელია, როდესაც თვითონ გამთბარ კაბინეტში ზიხარ, ხოლო საკუთარი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინიტრაციულ ერთეულებში მომუშავე 30-მდე საჯარო მოსამსახურეს გაყინვისათვის წირავ. თიანეთში მე-3 თვე დაიწყო, რაც დაბალი რგოლის თანამშრომლებს საშეშე მერქანს არ უგზავნიან. თიანელები წარსულში დაბრუნებას და, მითუმეტეს, ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ”,-წერს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თავად თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის განმარტებით, შეშის მომარაგება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნებიდან“ ეს არ გაუკეთებია. მეჭიაურის თქმით, სატყეო სააგენტოს მერქნის გამოყოფაზე მიმართეს და პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები