თბილისში დაკარგული გოგონა ნაპოვნია – რას ჰყვება გოგონას დედა „კვირასთან“

 ისნის რაიონიდან ოთხი დღის წინ დაკარგული 14 წლის ანა კალანდია ნაპოვნია.
როგორც „კვირას“ მოზარდის დედამ ნანა რურუამ განუცხადა, მის შვილს თბილისში თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.
ნანა რურუას თქმით, გოგონამ წუხელ, მთის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქალბატონის სახლში გაათენა ღამე, რომელსაც უთხრა, რომ დაიკარგა და არ იცოდა, სად წასულიყო.
დედის ინფორმაციით, გოგონა უვნებელია და მას ამ დროისთვის ფსიქოლოგი ესაუბრება.
“ამ ოთხი დღის განმავლობაში ჩემი შვილის ფოტოები შეძლებისდაგვარად ყველგან გავავრცელეთ, ყველაგან ვეძებდით, სადაც შეგვეძლო. თაბორის მთაზე ადრეც ადიოდა მეგობრებთან ერთად, ამიტომ გადავწყვიტეთ იქაც მოგვეძებნა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ფოტოდან ჩემი შვილი ამოიცნო და გვითხრა, რომ ბოლო დღეები იმ ტერიტორიაზე შემჩნეული ჰყავდა. არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ანა ვიპოვეთ, თავიდან გაგვიძალიანდა, წამოსვლა არ უნდოდა, მაგრამ მერე დავითანხმეთ. არ ამბობს, თუ რატომ გაიპარა სახლიდან. საბედნიეროდ უვნებელია და აღარაფერს ვჩივი. ახლა სახლშია და მას ფსიქოლოგი ესაუბრება“, – განუცხადა “კვირას“ ნანა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ 14 წლის ანა კალანდია 30 აპრილს 139-ე საჯარო სკოლაში დეიდამ მიიყვანა, თუმცა, ბავშვი სკოლის შენობაში არ შესულა. ოჯახმა მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს იმავე დღეს შეატყობინა. ნანა რურუას განცხადებით, ეს მისი შვილის სახლიდან გაქცევის პირველი შემთხვევა არ არის. მოზარდი სახლიდან 2013 წლის 31 დეკემბერსაც გაიპარა. ანა კალანდია პოლიციის დახმარებით იმავე ღამეს რუსთავში, მეგობარ ბიჭთან ერთად იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები