2018 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუმარი, საქართველოში ბელორუსიის ელჩი მიხაილ მიატლიკოვი იყო

2018 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუმარი, საქართველოში ბელორუსიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხაილ მიატლიკოვი იყო.
ელჩს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებასა და მიზნებს შეეხო. ელჩი დაინტერესდა, თუ რამ განაპირობა დიპლომატის არჩევანი საუნივერსიტეტო სივრცეში მოსულიყო. ასევე განიხილეს ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტში დაგეგმილი ვიზიტი.
როგორც ელჩმა განაცხადა, შეხვედრა ოფიციალური, მაგრამ მეგობრული ხასიათისაა, ბელორუსი ხალხის მეგობარ ზურაბ ხონელიძესთან და გაიხსენა პერიოდი, როდესაც რექტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ვიცე-პრემიერის რანგში, დსთ-სა და ბელორუსიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა: „ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივ სამომავლო გეგმებზე, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონტექსტში წაადგება. უნივერსიტეტის ყველა ინიციატივა და სასიკეთო წამოწყება ბელორუსიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი იქნება“, –აღნიჩნა ელჩმა.
შეხვედრამ დაგეგმილზე დიდხანს გასტანა.
როგორც უნივერსიტეტის რექტრომა ზურაბ ხონელიძემ განაცხადა, დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი არის დამოკიდებულება აფხაზეთისადმი და დამოკიდებულება აფხაზეთისადმი არის დამოკიდებულება სრულიად საქართველოს ერთიანობისადმი, რაც ზურაბ ხონელიძის თქმით, ელჩმა გაიზიარა და მხარი დაუჭირა.
„ამ მიდგომის გამოძახილი იყო შესაძლებლობის გაჩენა ახალი საერთაშორისო ფორმატების შექმნასთან დაკავშირებით, რომლებიც ახალგაზრდების ჩართულობას გულისხმობს. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია არსებული „ჟენევის ფორმატის“ თვისობრივი განახლება-სრულყოფა, ასევე სრულიად ახალი საერთაშორისო ფორმატების შექმნა, რომელშიც ჩართული იქნება მშვიდობის მშენებლობაზე ორიენტირებული სამეცნიერო-აკადემიური კვლევები, საუნივერსიტეტო დიპლომატიის ეგიდით. მათ შორის, ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით.
ვფიქრობთ, მხოლოდ ახალ თაობას, რომელიც კონფლიქტში უშუალოდ ჩართული არ ყოფილა და გააჩნია მომავლის ინოვაციური ხედვები, აზროვნება და ორიენტირებულნი არიან მშვიდობის მშენებლობაზე, შესწევთ დიალოგის უნარი. დიალოგი კი ის ნაპირია, სადაც ხიდი უნდა გაიდოს. ხიდი, რომელიც ერთმანეთს აფხაზ და ქართველ ხალხს დააკავშირებს.“ – განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები