“სააკაშვილის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა კონსტიტუციური უფლების გამოყენებას, არამედ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხება. მისივე თქმით, განცხადების მოსმენის შემდეგ, მას კითხვა უჩნდება.
„მოვისმინე პრეზიდენტის განცხადება და მინდა დავსვა ერთი ძალიან მარტივი კითხვა. საუბარია კონსტიტუციურ უფლებაზე, რომელიც ეხება ინდივიდუალური აქტის გამოცემას და შეწყალებას. შეწყალება არის სწორედ ინდივიდუალური აქტი და როდესაც საუბარია არა უფლების გამოყენებაზე, არამედ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, მინდა დავსვა ასეთი კითხვა: როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი პირი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების დროს ქმედებას ჩაიდენს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ან სხვა რაიმე უკანონო მიზნით ან დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩაითვლება თუ არა ეს დანაშაულად და არის თუ არა ეს კანონის დარღვევა?
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, ეს შეეხება კონსტიტუციურ უფლებას თუ არა, როდესაც ამ უფლებამოსილების განხორციელების დროს დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ან რაიმე უკანონო მოტივს და მიზანს, ან უკანონოდ ჩადენილ ქმედებას, ან დანაშაულის დაფარვას და ასეთი მიზნით მოქმედებდა ნებისმიერი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი პირი, არის თუ არა ეს დანაშაული და არის თუ არა ეს დასჯადი ქმედება?“,- განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო არ დაწყებულა და არც განაჩენი დამდგარა ამის გამო.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ სააკაშვილის დევნის საფუძვლად შეწყალების უფლების კონსტიტუციური მუხლი გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები