ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება – თერთმეტი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, „თი-ბი-სი ბანკის“, „ჯი-ემ-თი ჯგუფისა“ და კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველოს“ მხარდაჭერით, საქართველოში, „გოსფილმოფონდში“ დაცული კიდევ თერთმეტი ქართული ფილმი დაბრუნდა.
ფილმების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები უძღვებოდნენ. საზეიმო ღონისძიებას კინოს სფეროს, ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ქართულ მხარეს 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული თერთმეტი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა:
 
„ქორწილი“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
„ქოლგა“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
„მუსიკოსები“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
„ფეოლა“- რეჟისორი ბაადურ წულაძე;
„შერეკილები“- რეჟისორი ელდარ შენგელაია;
„ფრთოსანი მღებავი“- რეჟისორი ლეო ესაკია;
„ქაჯეთი“- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
„ვინ არის დამნაშავე?“ – რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა;
„ამოკი“ – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
“სამანიშვილის დედინაცვალი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
“ელისო” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. 
 
კინოკომედია „ფრთოსანი მღებავი“, რომელიც 1936 წლით თარიღდება, ერთადერთი ფილმია, რომელზეც პეტრე ოცხელმა იმუშავა და წელს მხატვრის 110 წლის, ხოლო ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 80 წლის იუბილე შეუსრულდა.
 კოტე მიქაბერიძის 1936 წელს შექმნილი ფილმი „ქაჯეთი“, „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ეპიზოდის ეკრანულ ვერსიას და დღემდე კინოში, აღნიშნული ნაწარმოების ეკრანიზების ერთადერთ მცდელობას წარმოადგენს (ნესტან-დარეჯანის ქაჯთა ციხიდან გამოხსნის ეპიზოდი).
ალ. წუწუნავას ფილმი „ვინ არის დამნაშავე?“ გადაღებულია 1925 წელს და ის ამერიკაში მყოფი გურული მოჯირითეების ისტორიას ასახავს.
კოტე მარჯანიშვილის „ამოკი“, შტეფან ცვაიგის ნაწარმოების ეკრანიზაციას წარმოადგენს და ის 1927 წლით თარიღდება – საქართველოში მისი არცერთი ასლი არ მოიპოვება.
ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდიდან – „გოსფილმოფონდი“,1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, ხელი, 2014 წლის 30 სექტემბერს მოეწერა.
პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში 4 ქართული ფილმი – „ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი – „უკანასნელ საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) დაბრუნდა.
„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას, 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები, ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა იგეგმება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფომ კინომემკვიდრეობის დაცვაზე და შენარჩუნებაზე იზრუნოს.
 „გოსფილმოფონდი“ (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმოფონდი) მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების სამეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში, 70 000-მდე დასახელების კინოსურათი ინახება. ფილმსაცავში, ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების, მათ შორის, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ შექმნილი ფილმების ორიგინალებია დაცული. ინიციატივა, რომელიც გოსფილმოფონდში დაცული ფილმების ქართული მხარისთვის გადმოცემას გულისხმობს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 90-იან წლებში გაჩნდა, თუმცა ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი ძალისხმევისა და მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, რიგი მიზეზების გამო, 2016 წლამდე ვერ განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები