პრემიერის თქმით, ტენდერის ჩატარებისას, რომელზეც გაჩეჩილაძე საუბრობს, კანონი ზედმიწევნით იყო დაცული

“დაწვრილებით გავეცანი გია გაჩეჩილაძის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც ვნახე და მოვისმინე – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს.
მისივე თქმით, ტენდერის ჩატარებისას, რომელზეც გაჩეჩილაძე საუბრობს, კანონი ზედმიწევნით იყო დაცული.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მან პირადად გასცა დავალება, რომ აღნიშნულ ტენდერში ყველასთვის თანაბარი საკონკურენციო პირობები ყოფილიყო.
მისი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მას არასდროს აურევია ერთმანეთში თავისი სახელმწიფოებრივი და ბიზნეს საქმიანობა.
“დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ტენდერზე ისაუბრა. როდესაც დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. გავეცანი ამ საქმეს და ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ბიზნესჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა თუ გააჩნია, არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. კანონი იყო ზედმიწევნით დაცული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
„გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გაჩეჩილაძემ გუშინ ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტერული გარიგებები აკავშირებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები