ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებისას ტექნიკური ხარვეზები გამოვლინდა – იმოქმედა თუ არა პარაკლისმა?
ანტიდისკრიმინაციულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი იმაზე მეტმა დეპუტატმა დაუჭირა, ვიდრე კენჭისყრის დროს ტაბლოზე დაფიქსირდა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ პროექტი 115 ხმით, არცერთის წინააღმდეგ მიიღეს. 11-მა პარლამენტარმა დააფიქსირა, რომ მათ კანონპროექტს ხმა მისცეს, რაც ხმის მიცემის სისტემაში არ აისახა. ესენი არიან: მურმან დუმბაძე, ივანე კიღურაძე, ალექსანდრე ქანთარია, ელისო ჩაფიძე, თემურ ჩხაიძე, დარეჯან ჩხეტიანი, დიმიტრი ხუნდაძე, სოსო ჯაჭვლიანი, გოდერძი ბუკია, კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი. პროექტის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. “დღეს პარლამენტში მეასე სხდომას ვატარებთ და კენჭისყრის სისტემას ამდენი შეცდომა ჯერ არ მოსვლია”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. დეპუტატების ნაწილი კი დღეს ჟურნალისტებთან პირად საუბარში ხუმრობდა, რომ ტექნიკური ხარვეზები სასულიერო პირების მიერ გადახდილ პარაკლის უკავშირდება.