პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა
ანტისდისკრიმინაციული კანონი 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს. “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტში ცვლილებები მესამე – რედაქციული განხილვის პროცესშიც აისახა. კენჭისყრების დასრულების შემდეგ, დეპუტატების: ნუკრი ქანთარიას, სოსო ჯაჭვლიანის და ივანე კიღურაძის მხრიდან დაფიქსირდა, რომ მათ კანონპროექტს ხმა მისცეს, რაც კენჭისყრების პროცესში არ აისახა. კანონპროექტის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია და სხვ.
კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს. ამასთან, სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის ფონზე საპარლამენტო განხილვების პროცესში პროექტის რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. კერძოდ, კანონპროექტში “საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის” ცნება ჩაიდო და ამ მიზნებით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.