ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეები პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ და პოლიციელთა მომზადების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და პოლიციის აკადემიის მხარდაჭერით ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის N210 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პოლიციის აკადემია მოინახულეს და პოლიციელთა სწავლების მიმართულებებს გაეცნენ. მოზარდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პოლიციელთა საცეცხლე და კრიმინალისტიკის კუთხით მომზადების შესახებ. მოსწავლეებმა აკადემიის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.

შეხვედრის დასკვნით ეტაპზე, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, იმიტირებული გამოძიება ჩატარდა. მოზარდების უშუალო ჩართულობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვება. მოსწავლეები ასევე ფოტოგადაღების, ხელის კვალის ამოღებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესებსა და პროცედურებს გაეცნენ.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და დანაშაულის პრევენციას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები