უამინდობის გამო, აჭარის მაღალმთიანეთში, რამდენიმე საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

უამინდობის გამო, აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ „კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

მერიაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, მერის გოჩა მელაძის ხელმძღვანელობით, მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.

შეხვედრას, შტაბის ძირითად წევრებთან ერთად, მოწვეული წევრებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა განიხილეს. შტაბის წევრებს არსებული შეფერხებების აღმოსაფხვრელად შესაბამისი დავალებები  მიეცათ.

ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 2 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 1,5 მ-ს, ხოლო დაბლობში 1 მ-ს მიაღწია.

უამინდობის გამო შეფერხებები შეიქმნა გადაადგილებასთან დაკავშირებით, თუმცა მობილიზებულია როგორც მერიის, ისე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისათვის იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, შემდეგ კი შიდა სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყება. შეფერხებაა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯია“ აღდგენით სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს და უახლოეს პერიოდში არსებული შეფერხებებიც აღმოიფხვრება“,- აცხადებენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები