გიორგი გახარია: ყველა სკოლაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება და საპატრულო პოლიცია იქნება მობილიზებული

„საპატრულო პოლიცია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ყველა რესურსს მოახმარს იმას, რომ უსაფრთხოების ზომები სკოლებში იყოს დაცული“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რესურსი დაგვჭირდება, ყველა სკოლასთან პატრულის ეკიპაჟების პატრულირება მოხდება.
„ყველა სკოლასთან მოხდება პატრულის ეკიპაჟების პატრულირება, რა თქმა უნდა, დიდ რესურსს წაიღებს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, როდესაც არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რესურსის თვლა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს გახლავთ მანდატურების სამსახურების ეფექტურობის ზრდა. ეს გახლავთ ამოსავალი წერტილი. ამისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი და მონაწილეობს როგორც განათლების სამინისტრო, ასევე გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტროც. აქ მთავარი ამოცანაა, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სმაინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ, სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურის სამსახრურის ეფექტიანობას.
იქამდე, ვიდრე ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ყველა რესურსს მოახმარს იმას, რომ უსაფრთხოების ზომები სკოლებში იყოს დაცული. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ ეს სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, დაახლოებით, ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე ეკიპაჟი, რამდენიმე სკოლასთან – თუ არ ვცდები 80-85 სკოლა იყო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უკვე პატრულირებდნენ დილის საათებში, მძიმე „ტრაფიკის“ დარეგულირების მიზნით და მშობლების და ბავშვების დასახმარებლად. ეს იყო მაშინ ჩვენი ამოცანა. სამწუხაროდ, მოხდა შემდგომ, რაც მოხდა. ჩვენ ამ თემას, საკითხს სერიოზულად ვუდგებით და მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს მანდატურების სამსახურების ეფექტურობა.
პატრულის როლი აქ, რა თქმა უნდა, შეიცვლება. გვესმის ხმა, როდესაც ჩვენი მოქალაქეეები ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ჩვენც ამას ვეთანხმებით – პოლიციის ადგილი სკოლაში არის მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც პოლიციამ უნდა იმუშაოს. სკოლაში უნდა იყოს მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი სამუშაო კომუნიკაცია აწყობილი შესაბამის უწყებებთან შს სამინისტროში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატურების სისტემაზე“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, არის თუ არა შს მინისტრის განცხადება იმის აღიარება, რომ მანდატურის როლის შესუსტება არასწორი გადაწყვეტილება იყო, მინისტრმა განაცხადა, რომ „ეს, რა თქმა უნდა, არ არის ამის აღიარება“.
„ეს არის იმის აღიარება, რომ დღეს მანდატურის სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს გვაქვს და არა იმის წინაშე, რომელიც 5 ან 10 წლის წინ გვქონდა. ამ ბმას აღვადგენთ, თუმცა, ვსაუბრობთ ბმაზე საპატრულო პოლიციასთან და არა კრიმინალურ პოლიციასთან“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები