“სააკაშვილის სამართლებრივ საკითხს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ და ამ პროცესში ქართული მხარეც იქნება ჩართული”

„მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ საკითხს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ და ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ქართული შესაბამისი უწყებები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევში დაკავების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მნიშვნელოვანი არ არის საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს და რა – არა, მთავარია, რომ საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, სადაც პოლიტიკაზე მაღლა სამართალი დგას.
”დღემდეც გავაკეთეთ კომენტარი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ მადლობა ღმერთს, ის აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურები და სამართლის ნორმების საქმე. ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ და ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ქართული შესაბამისი უწყებები. მთავარია სამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით კი, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური საქართველოში. მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს, ან რა არ აწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს საკითხი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები