ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგი ლია ფანჩულიძე ორსულობის შემდგომი ნაბიჯებზე გვესაუბრება

ორსულობის დადგენის რა მეთოდები არსებობს? რა უნდა გავაკეთოთ ორსულობის ტესტზე ორი ხაზის დანახვის შემდეგ, რა გამოკვლევები გვეკუთვნის უფასოდ და რა შეიძლება მოყვეს ექიმთან დაგვიანებულ ვიზიტს. ამ თემებზე ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგი ლია ფანჩულიძე გვესაუბრება.

– ორსულობის დადგენის რა და რა მეთოდები არსებობს?
– რეპროდუქციული ასაკის ქალებში ციკლის გადაცდენა ეჭვს ბადებს ორსულობაზე. წყვილი, რომელიც ორსულობის მოლოდინშია, სიხარულით აკითხავს ექიმს უახლოეს დღეებში. თუმცა, არსებობენ ისეთი პაციენტებიც, რომლებიც არ ჩქარობენ ექიმთან ვიზიტს უახლოესი 12 კვირის განმავლობაში. ორსულობის ტესტი ყოველთვის არ არის სარწმუნო. ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ ტესტი ან ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი ყოფილა. ექიმი ვალდებულია დასვას სწორი დიაგნოზი, კერძოდ კი დაადგინოს, რომ ციკლის გადაცდენა ნამდვილად ორსულობით არის განპირობებული, რომ ორსულობა ნამდვილად საშვილოსნოს ღრუშია და ის პროგრესირებს. ამ დასკვნის გამოტანაში ექიმს ეხმარება ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები. აღნიშნული მეთოდებით ხდება საშვილოსნოსგარე ორსულობის გამორიცხვა და დიფერენციალური დიაგნოზის გატარება იმ დაავადებებთან, რომელთაც ახასიათებთ ციკლის გადაცდენა/დარღვევები. ორსულობის 4-5 კვირაზე შესაძლებელია ჩანასახის ექოსკოპიურად დანახვაც. საჭიროა ორსულობის მიმდინარეობის დინამიკაში დაკვირვება. მოგვიანებით ფიქსირდება ემბრიონის გულისცემაც. სასურველია, ორსულობის დიაგნოსტირება და ვადის დადგენა რაც შეიძლება ადრე მოხდეს (12 კვირამდე), რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და საპასუხისმგებლო პერიოდი. ადამიანის ონტოგენეზის არც ერთ ეტაპზე არ ხდება მისი ისეთი ინტენსიური ზრდა-განვითარება, როგორც პირველ ტრიმესტში (პირველი თორმეტი კვირა). ამ დროს ჩატარებული კვლევები ექიმს საშუალებას აძლევს დროულად მოახდინოს მრავალი მოსალოდნელი გართულების პრევენცია.

– მას შემდეგ რაც დადასტუდება ორსულობა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ორსულმა?
– ამ სიტუაციაში უნდა ვიმოქმედოთ პაციენტის ანამნეზიდან გამომდინარე. თუ ორსულობა მკურნალობის შედეგად დადგა, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ ის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიდა დაორსულებას. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ორსულობა ყოველგვარი ჩარევის გარეშე დგება და ორსულს ჩივილები არ აქვს, 13 კვირამდე ინიშნება ფოლიუმის მჟავა და მეთვალყურეობა დინამიკაში.

– რა პროფილაქტიკური გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ორსულმა ორსულობის პირველ ტრიმესტრში? რა დანიშნულება და მნიშვნელობა აქვთ თითოეულ გამოკვლევას?
– ორსულობის პირველი ტრიმესტრი გულისხმობს ორსულობის პირველ 13 კვირას. ამ პერიოდისთვის ტარდება ექოსკოპიური გამოკვლევა. დგინდება, რომ ნაყოფი ვითარდება ნორმალურად. ამის შემდეგ ექიმი ავსებს ფორმა N100, რის საფუძველზეც გაიცემა სათანადო ვაუჩერი და ორსული დგება აღრიცხვაზე, ე.ი. ორსული იტარებს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ უფასო გამოკვლევებს.
პირველი ვიზიტი გულისხმობს სისხლის საერთო ანალიზის, შარდის საერთო ანალიზის, ვასერმანის რეაქციის, აივ ანტისხეულების, სისხლის ჯგუფის, რეზუსის, ბ ჰეპატიტის და საშოს ნაცხის გამოკვლევას. ეს გამოკვლევები სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. ასევე უფასოა თერაპევტთან ვიზიტიც. ვურჩევთ ყველა ორსულს, არ გამოტოვონ ეს შესაძლებლობა და აუცილებლად ჩაიტარონ აღნიშნული გამოკვლევები. ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ ამ ანალიზებით ვლინდება ბევრი ისეთი დაავადება, რომელზეც მანამდე არც კი ეჭვობდა ორსული.
გაიდლაინების მიხედვით, ასევე აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, შარდის ნათესის ჩაბარება. აღნიშნული გამოკვლევები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება, მაგრამ მისი ჩატარება აუცილებელია, რადგან დროულად გამოვლენილი ფარული ინფექცია და ჰორმონალური პათოლოგია ადვილად ექვემდებარება კორექციას. ამით თავიდან ვიცილებთ ორსულობასთან დაკავშირებულ ბევრ შესაძლო გართულებას.

– რა პროფილაქტიკური გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს ორსულმა ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში? რა დანიშნულება და მნიშვნელობა აქვთ თითოეულ გამოკვლევას?
– მეორე ტრიმესტრში სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია ნაყოფის ექოსკოპიური კვლევა. ეს მეტად მნიშვნელოვანი კვლევაა, რადგან 18-20 კვირისთვის ნაყოფი საბოლოოდ ჩამოყალიბებულია. ექოსკოპიურად კარგად არის შესაძლებელი არა მარტო გულის კუნთის და აორტის, არამედ სარქველების და შინაგანი ორგანოების დათვალიერებაც. ცოტა მოგვიანებით ტარდება ნაყოფის გარეგანი კარდიოტოკოგრაფიული კვლევა. ორსულის ანამნეზიდან ან მიმდინარე ანალიზებიდან გამომდინარე, ზოგჯერ აუცილებელი ხდება შრატის რკინის და ღვიძლის ფუნქციების განსაზღვრა. ორსულობის 20-24 კვირაზე ტარდება გლუკოზა-ტოლერანტობის ტესტი. ბუნებრივია, ექიმი პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ ორსულიც, ექიმის მიერ, უნდა იყოს ინფორმირებული თითოეული გამოკვლევის შესახებ და უნდა იცოდეს, რას ემსახურება ესა თუ ის კვლევა.

– რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგთან რეგულარულ ვიზიტს ორსულობის პერდიოში?
– ორსულობის მართვა მეტად საპასუხისმგებლო პროცესია. ეს პასუხისმგებლობა ორმხრივია. ექიმი ვალდებულია, იყოს ყურადღებიანი, სწორად შეაფასოს ორსულის მდგომარეობა და მიმდინარე ანალიზები, ხოლო ორსულს თავის მხრივ ევალება, ზუსტად შეასრულოს ექიმის ყველა დარიგება, რეკომენდაცია, დანიშნულება. ალბათ ხშირად გსმენიათ ბებიების თაობიდან „საერთოდ არ ვყოფილვარ ექიმთან და მშვენიერი ბავშვი გავაჩინე, რა საჭიროა ამდენი ანალიზი და ექიმთან სიარული“. საბედნიეროდ, დღევანდელი თაობა არ იზიარებს ამ პოსტულატს და უფრო ფრთხილად ეკიდება მომავალი შვილის ჯანმრთელობის საკითხს. ეკოლოგიური პრობლემები, საკვები, გარემო, მასობრივი დაბინძურება, ცხოვრების დაძაბული რეჟიმი არასრული ნუსხაა იმ რისკ-ფაქტორებისა, რომელთა ფონზეც სულ უფრო რთული ხდება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ორსულობის წარმატებით დამთავრება. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ორსულს სახელმწიფო ბევრ საჭირო კვლევას უფინანსებს და რატომ არ უნდა ისარგებლოს ამით მომავალმა დედამ?!

– თქვენი რჩევები, რომელიც ორსულობის სწორად წარმართვაში დაეხმარებათ ორსულებს?
– უპირველესად, ორსულებს ვურჩევ, რომ დროულად მიმართონ ექიმს. ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ ორსულობის ტესტის დადებით პასუხს. ექიმთან ვიზიტით, მისი რჩევა-დარიგებების და დანიშნულების შესრულებით შესაძლებელია ბევრი გართულება ავიცილოთ თავიდან.
როდესაც ორსულს რაიმე სახის პრობლემა ექმნება, მან პირველ რიგში ამის თაობაზე ექიმს უნდა აცნობოს. ნუ იხელმძღვანელებთ მეგობრების, ახლობლების და ინტერნეტფორუმების რჩევებით. გახსოვდეთ, რომ თქვენს ორსულობაზე პასუხისმგებელია ექიმი. დროულად აცნობეთ მას თქვენი მდგომარეობა, ჩააყენეთ საქმის კურსში, დაუსვით შეკითხვები და მიიღეთ ამომწურავი პასუხი თქვენთვის საჭირო ყველა საკითხზე.
მომავალ დედას მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ორსულობა ღვთის დიდი წყალობაა, ამიტომ მან გვერდზე უნდა გადადოს ცხოვრებისეული ყველა წვრილმანი პრობლემა და ბავშვს დადებითი აურა შეუქმნას, გაითვალისწინოს, რომ ნერვიულობა, სტრესი, და დაძაბულობა, უარყოფითი ემოცია, პირდაპირ მოქმედებს ბავშვზე. შეიქმენით დადებითი განწყობა, შეასრულეთ ექიმის ყველა მითითება და ეს იქნება თქვენი და თქვენი შვილების ბედნიერების საწინდარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები