ოპერის თეატრში ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზაქარია ფალიაშვილის, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, მიხეილ თუმანიშვილისა და ვასო აბაშიძის სახელობის თეატრების მსახიობები, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოს „ყრუთა კავშირის“ წარმომადგენლები.
თეატრალიზებულ საღამოზე ბარათაშვილის ლექსებს წაიკითხავენ, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ (ზურაბ ქარუმიძე), ფრანგულ (სალომე ზურაბიშვილი), გერმანულ (მანანა პაიჭაძე) და რუსულ (ლაშა თაბუკაშვილი) ენებზე.
საიუბილეო საღამოს ხელმძღვანელი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილია.
საიუბილეო საღამოს შემოქმედებითი ჯგუფი: ბასა ფოცხიშვილი, თამარ ფოცხიშვილი, დავით ალადაშვილი, დათუნა სულიკაშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ზაზა აბზიანიძე, ქეთევან ელოშვილი და ნინო ნატროშივილი.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ამსახველი საიუბილეო ხუთენოვანი წიგნისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი, საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ – UNESCO, ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი, იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა, რომელიც აღინიშნება იუნესკოს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით.
2017 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოიცა ქართულ, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე თარგმნილი ხუთენოვანი წიგნი; გერმანიაში გამოიცა ბარათაშვილის საიუბილეო კრებული (რაინერ ქირშის თარგმანი); ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში ჩატარდა მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენები, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ინსტიტუტში, ლიტერატურის მუზეუმსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ბარათაშვილის პირადი ნივთები, ხელნაწერები, იშვიათი გამოცემები, პუბლიცისტიკა, შემოქმედება, უბის წიგნაკები და სხვა.
გარდა ამისა, ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში, კულტურის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა იუნესკოს წარმომადგენელთან; ასევე, მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 132-მა მეცნიერმა, მათ შორის 57 -მა უცხოელმა, მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.
პროექტების „მრავალფეროვანი საქართველო“ და „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ (მარნეული, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, პანკისის ხეობა) და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონების (რუხი, მეჯვრისხევი, ორსანტია და ნიქოზი) მოსახლეობისათვის ნ. ბარათაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული სალექციო კურსები ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები