თამარ ხულორდავა და სოფიო ქაცარავა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შეფასების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლატვიის პარლამენტისა და საქართველოში ლატვიის საელჩოს ორგანიზებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შეფასების სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებთან – საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან, მოლდავეთთან, სომხეთსა და უკრაინასთან ერთად, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეხვედრაში საქართველოს პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა წარმოადგენდნენ. ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების პარლამენტარები და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ნოემბერში, ბრუსელში ჩატარებული სამიტის საკითხებს აჯამებენ და სამომავლო პოლიტიკას განიხილავენ.
„ეს შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შეფასებას ეძღვნება. ჩვენ ასევე, განვიხილავთ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში იქნა განხილული. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება ბრიუსელში, ნოემბერში გამართულ სამიტს ერთად აფასებენ. ჩვენ ერთად განვიხილავთ სწორედ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს რაც დეკლარაციაში აისახა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თემებზე საუბარი, თუ რას მოგვიტანს პრაქტიკაში მეტი მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და საგანმანათლებლო კავშირები – ის, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტად ხელშესახები იქნება”, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წინა სამიტიდან ბოლო სამიტამდე ბევრი შედეგი იქნა მიღწეული.
„საქართველოს ხელში უჭირავს კონკრეტული შედეგები, ძალაშია უკვე შესული ასოცირების შეთანხმება, ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით, სულ უფრო მზარდი მაჩვენებლები და ყველაზე მთავარი, 2017 წლის მონაპოვარი – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ჩვენ წინ ვიყურებით და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას გვინდა მივუძღვნათ – ვნახოთ რა გაკეთდა უკვე, რისი შესაძლებლობა მოგვცა აღმოსავლეთ პარტნიორობამ და რა პოტენციალი არსებობს ჩვენთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებისთვის სამომავლოდ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე განმარტებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, გასული პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა დონის მიღწევები და შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით, სხვადასხვა ამბიციები აქვთ.
„ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ერთიანი შენარჩუნება, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ამ ერთიანობის ქვეშ სათანადო დაფასება ჰქონდეს იმ ინდივიდუალურ მისწრაფებებსა და მიღწევებს, რომლებიც ქვეყნებს აქვთ. საქართველო არის გამორჩეული აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში და გვინდა, რომ ეს გამორჩეული აღიარება, რაც სიტყვით გვაქვს ევროკავშირის მხრიდან, ასევე გამოიხატოს საქმეში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და იმედი მაქვს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდებით კონკრეტულ ნაბიჯებზეც, რომელიც მეტ სარგებელს მისცემს საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის, პოლიტიკურად ძალზე მნიშვნელოვანი იყო.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, პოლიტიკურ დონეზე, რადგან ევროკავშირმა აჩვენა, რომ დაინტერესებულია თქვენი რეგიონით, კერძოდ კი – საქართველოთი. ევროკავშირი აგრძელებს თქვენი განვითარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის განვითარების მხარდაჭერას. დღეს ვისაუბრებთ პრაქტიკულ დეტალებზე, იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება გააგრძელოს. ჩემს ქვეყანაში – ლატვიაში გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა და იმაში დარწმუნება, რომ ის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, თქვენც მიიღოთ. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამებს და თქვენს ევროკავშირთან დაახლოებას”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლოლიტა ჩიგანემ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეფასების ტრადიცია ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ლატვიის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები