გიგა ლემონჯავა: გაერთიანებული “ევროპული არმია” უკვე რეალობაა

საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი გიგა ლემონჯავა თავის ფეისფუქგვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ევროპის საერთო სამხედრო ფორმირების შესაძლებლობებს აფასებს.

„70 წლიანი მცდელობის შედეგად გაერთიანებული „ევროპული არმია“ უკვე რეალობაა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამხედრო ელემენტის ნაცვლად ეკონომიკური კომპონენტის პრიორიტეტიზაცია ევროპული ინტეგრაციის უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა. ევროკავშირის დამფუძნებელი მამების გათვლით, ეკონომიკურ თანამშრომლობას სხვა სფეროებში, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე ინტეგრაცია უნდა გამოეწვია, რაც საბოლოოდ, 1993 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებით დასრულდა.

2017 წლის 13 ნოემბერს საგარეო და თავდაცვის მინისტრთა საბჭოზე, ევროპის კავშირის წევრი 23 სახელმწიფო 70 წლის მანძილზე დამუშავებული ამბიციური გეგმის – „ევროპის გაერთიანებული არმიის“ ფორმირების განხორციელებას შეუდგა. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სამხედრო კონსოლიდაციის სტიმულატორი რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წელს ყირიმში განხორციელებული ანექსია, უკრაინის ტერიტორიაზე დღემდე მიმდინარე სამხედრო მოქმედებები და მოჭარბებული ტერორისტული საფრთხეებია. საკითხზე დისკუსია წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლოს თემის განსაკუთრებული აქტუალიზაცია 2015 წელს მოხდა, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი აღნიშნავდა, რომ ამ გზით, ევროპა რუსეთს ნათლად გააგებინებს, თუ რაოდენ სერიოზულად უდგება ევროპული ფასეულობების დაცვას.

წინა მცდელობებისგან განსხვავებით, როგორც შეერთებული შტატების, ასევე ნატოს სეკრეტარიატის დამოკიდებულება ევროპის ერთიანი სამხედრო ძალების ფორმირებაზე დადებითია. როგორც ნატოს გენერალური მდივანი, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ინიციატივას ნატო – ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების ჭრილში აფასებენ.

ევროკავშირი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა „ევროპული არმია“ საწყის ეტაპზევე ეფექტიანი მექანიზმი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამხედრო ინტეგრაცია უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთგვარ პასუხად ევრო სკეპტიკოსებისათვის. სტაგნაციისა და დეზინტეგრაციის ფონზე, რომელიც თვეების წინ ასე რეალური ჩანდა, ინტეგრაციის მძლავრი მექანიზმის მოქმედებაში მოყვანა „ფედერალური ევროპისაკენ“ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საგულისხმოა, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს არა მხოლოდ წევრ სახელმწიფოთა თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, არამედ ევროკავშირის გარშემო უსაფრთხო, სტაბილური ჯაჭვის შექმნასა და მეზობელ სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემების მხარდაჭერას. ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ეს მნიშვნელოვანი პროცესი შესაძლოა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კიდევ ერთ შესაძლებლობად იქცეს.

ცხადია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს უსაფრთხო, სტაბილური განვითარების ერთადერთი რეალური პერსპექტივაა, თუმცა მნიშვნელოვანია, პასუხისმგებელმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დიდი ყურადღებით მიადევნონ თვალი ევროპის სამხედრო გაერთიანების შექმნისა და განვითარების პროცესს“, – წერს ლემონჯავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები