განათლების მინისტრი: ორშაბათიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
მინისტრის განცხადებით, ორშაბათიდან, 51-ე სკოლის მოსწავლეებთან, განათლების სამინისტროს ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს.
„მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.
ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა.
ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას. ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სკოლაში ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ ნაშუადღევს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დანით დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები