მიხეილ დუნდუა: საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობით, ევროპის და აზიის კონტინენტის სახელმწიფოთა შორის, პირველ ადგილზეა

„საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობით, ევროპის და აზიის კონტინენტის სახელმწიფოთა შორის, პირველ ადგილზეა“ – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ათავსებს და საზოგადოებას, კომერციული ბანკების შესახებ, ვრცელ მიმოხილვას სთავაზობს:
1. მეტი დაზუსტებისათვის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაცით, სადეპოზიტო-საბანკო სისტემებს შორის კაპიტალუკუგების (ROE) მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ევრაზიაში ჩამორჩება მხოლოდ ჩინეთის ჯუჯა პროვინცია მაკაოს (რომელიც ცალკე სახელმწიფო არც არის) – ჩვენთან ROE არის 22.9%-ი, ხოლო მაკაოს პროვინციაში ROE არის 23.1%; ROA-ს (უკუგება აქტივებზე) მიხედვით კი, საქართველო ჩამორჩება მხოლოდ ერთ აზიურ ქვეყანას. ეს არის ევრაზიის კონტინენტის მიღმა, ინდოეთის ოკეანეში არსებული სამხრეთაზიურ სახელმწიფო მალდივი.

ჩვენთან ROA არის 3.1%-ი, მალდივის კუნძულზე კი 3.5%. 2017 წლის 10 თვეში (იანვარ-ოქტომბერი) :

2. ფიზიკური პირების დაკრედიტება ეროვნულ ვალუტაში გაიზარდა 1 მილიარდ 720 ლარით და უცხოურ ვალუტაში შემცირდა მხოლოდ 80 მლნ დოლარით.

3. სამეწარმეო სექტორის დაკრედიტება ლარში გაიზარდა მხოლოდ 409 მლნ ლარით, უცხოურ ვალუტაში კი, 8 მლნ დოლარით.

4. ავტომობილების სუფთა იმპორტმა 10 თვეში $200 მლნ დოლარს გადააჭარბა და კვლავინდებურად მაღალია. შედარებისათვის, 2011-2012-2013 წლებში ეს მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ $47 მლნ იყო. ავტომობილების მოხმარების ზრდა კვლავინდებურად საცალო სესხებით არის სტიმულირებული. და ეს ერთ-ერთი ეპიზოდური მაგალითია იმისა, თუ როგორ მოქმედებს თვითდინებაზე მიშვებული საცალო დაკრედიტება ქვეყნიდან სავალუტო რესურსების გადინებაზე და საინვესტიციო დანაზოგების შემცირებაზე.

5. ბოლო 34 თვეში, 2 წელსა და 10 თვეში საბანკო სექტორის წმინდა მოგება 1 მილიარდ 885 მლნ ლარს აჭარბებს, რაც ყველა (!!!) დანარჩენი წინა წლების ჯამურ მაჩვენებელს 240 მილიონით აღემატება.

6. საბანკო სექტორის 10 თვის წმინდა მოგებამ წელს 669 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც 259 მლნ დოლარის ექვივალენტია. შედარებისათვის, 2016 წლის წლიური წმინდა მოგება, სარეკორდო, 679 მლნ ლარი იყო , ანუ 257 მლნ დოლარი.

გამოსავალი:

1. უნდა შევასრულოთ სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, სესხის მომსახურება/შემოსავალთან ლიმიტი უნდა დაწესდეს მხოლოდ შინამეურნეობებისათვის გასაცემ ყველა იპოთეკურ და არაიპოთეკურ სესხზე.

2. სესხის მომსახურება, ანუ სესხის დასაფარად ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა იყოს მსესხებლის შემოსავლის 30%-ზე დაბალი, უცხოურ ვალუტაში კი, 20%-ზე დაბალი.

3. კომერციულმა ბანკებმა არ უნდა მიაქციონ ზედმეტი ყურადღება გირაოს უზრუნველყოფას, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა კი, სამუდამოდ უნდა აიკრძალოს.

4. 2014 წელს სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოხატავდა, როცა მიუთითებდა, რომ საბანკო სესხის ამღები პირების ერთი მესამედი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალის მომსახურებისთვის იხდისო და მოუწოდებდა ეროვნულ ბანკს ლიმიტების დაწესებისკენ. დღეს ეს მაჩვენებელ გაცილებით, გაცილებით მაღალი იქნება.

5. უნდა წახალისდეს ბიზნეს სესხები, ანუ გირაოს უზრუნველყოფაზე უფრო მეტად ყურადღება უნდა მიექცეს სესხის დასამტკიცებლად წარდგენილ ბიზნეს პროექტის სამომავლო შემოსავლიანობის მაჩვენებლებს. ეს საკითხი სავალუტო ფონდის რეკომენდაციის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ არის დასარეგულირებელი“ – წერს მიხეილ დუნდუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები