პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეულის“ ფარგლებში გამწვანების აქცია ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „დაზარალებულთა კვირეულის“ ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქში გამწვანების აქცია ჩატარდა.
საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, გორსა და რუსთავში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეები დარგეს და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლური ლენტები სლოგანით: ,,დაინახე, განაცხადე, შეაჩერე“ გაუკეთეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ქ.თბილისში ჩატარებულ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ გამწვანების აქციას, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი და საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი მაიკლ გრანტი ესწრებოდნენ.
საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ქ. თბილისის მერიას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, აქციის დაგეგმვის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით „დაზარალებულთა კვირეული“ იმართება. კვირეულის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არაერთი ღონისძიება განხორციელდება, მათ შორის, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები