დღეს დიმიტრი შევარდნაძის დაბადების დღეა

1885 წლის 1 დეკემბერს ცნობილი ქართველი ფერმწერი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი შევარდნაძე დაიბადა. დიმიტრი შევარდნაძის წვლილი ქართული ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში დიდია. 1920 წელს, დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით, თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა, რომელიც მალევე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კულტურულ კერად იქცა. მის მიერ შემუშავებული უკიდურესად ეფექტური კონცეფციის წყალობით, 1920-1933 წლებში გალერეის კოლექციები უმნიშვნელოვანესი ბიბლიოგრაფიული რარიტეტებით შეივსო, ქართული და ევროპული მხატვრობის ნიმუშებით, აღმოსავლური მხატვრობისა და მინიატურის უნიკალური კოლექციით, ასევე ანტიკვარული ავეჯის, ჭურჭლისა და ხალიჩების უიშვიათესი ნიმუშებით. სწორედ დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების უმდიდრესი სამუზეუმო კოლექციის შექმნა – ,,მე საქართველოში ქართული ლუვრი უნდა დავაარსო” – ამბობდა ის.

დიმიტრი შევარდნაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დაარსებაში; იგი იყო მუზეუმ „მეტეხის” მოამაგე და პირველი დირექტორი; ატარებდა უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ექსპედიციებს შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების შესასწავლად; მისი შექმნილია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფულის ერთეულისა და საფოსტო მარკების ესკიზები, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გერბი. მრავალმხრივი საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად, იგი აქტიურად მუშაობდა ფერწერაში, გრაფიკაში, თეატრისა და კინოს მხატვრობაში.

1937 წლის 10 ივნისს დიმიტრი შევარდნაძე „ხალხის მტრის” ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ათწლეულების მანძილზე მისი სახელს ტაბუ ედო, მხოლოდ 1960-იანი წლების მიწურულიდან გაბედეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა ქართული კულტურის წინაშე დიმიტრი შევარდნაძის უდიდესი დამსახურების ხაზგასმა. 2012 წელს, რენოვაციის შემდგომ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეას დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭა.

ფოტოზე: დიმიტრი შევარდნაძე. ავტოპორტრეტი. 1910. ტილო. ზეთი. 42×35. დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები