ესტონეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

„ესტონეთს სურს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური ინიციატივა ევროკავშირის ყურადღების ცენტრში დატოვოს“,-აცხადებს ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი და ესტონეთის ერთ-ერთ ბუნებრივ პრიორიტეტად მეტ კომუნიკაციასა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია და ის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, როტაციის პრინციპით, 1 ივლისს გახდა.
ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის – სვენ მიკსერის განცხადებით, ესტონეთი ამაყობს, რომ თავმჯდომარეობის ფარგლებში მიმდინარე ნახევარ წელიწადში ისინი ევროკავშირის ქმედებებს უხელმძღვანელებენ.
„ესტონეთი ამაყობს, რომ თავმჯდომარეობის ფარგლებში მიმდინარე ნახევარ წელიწადში ჩვენ ვუხელმძღვანელებთ მთელი ევროკავშირის ქმედებებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს 500 მილიონიანი მოსახლეობის ბედზე და ამ დიდი გაერთიანების ფორმირების პრიორიტეტებზე. ესტონეთისა და მისი მეზობელი ქვეყნებისათვის: ლატვიისა და ლიტვასთვის მუდმივი პრიორიტეტია აღმოსავლეთ პარტნიორობა, ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება ევროკავშირის სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, ესტონეთის ერთ-ერთი ბუნებრივი პრიორიტეტია 2017 წლის მეორე ნახევრიდან უფრო მეტი კომუნიკაცია და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში განსაზღვრავს ურთიერთობების სტრუქტურას ექვს ქვეყანასთან მიმართებაში, ესენია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა და ბელორუსი“,-განაცხადა ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სვენ მიკსერის შეფასებით, ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება არ არის მხოლოდ ლამაზი ფრაზა. ევროკავშირს უკვე აქვს მიღწეული კარგი შედეგები აღმოსავლეთის პარტნიორებთან ღია თანამშრომლობით, რომელმაც მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები ამ ქვეყნებში მცხოვრები რიგითი ადამიანებისათვის.
„უდავოა, რომ ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან უვიზო რეჟიმის შემოღებამ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეიტანა. შენგენის ზონა მოქალაქეებისთვის ეს არის ხელმისაწვდომი შესაძლებლობა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად, ცვლილებები ძალიან პოზიტიური და სწრაფი პროგრესით ვითარდება საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ეს ყველაზე პროგრესული შეთანხმებებია ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის. შეთანხმებების წყალობით, ცნობილია, რომ ეს პარტნიორები პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდებიან ევროკავშირს. ფორმულა მარტივია: პარტნიორები მიიღებენ ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოებს და ამისათვის თანდათან ხდება ხელმისაწვდომობა ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ამ ფორმატის ვალდებულებები, კერძოდ, ქვეყნების მხრიდან რეფორმების განხორციელება, საქართველოს საშუალებას მისცემს ევროკავშირთან კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობა გააგრძელოს. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისას, ვიზიტით აღმოსავლეთ პარტნიორობის თითქმის ყველა სახელმწიფოში ვიმყოფებოდი. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ესტონეთს დიდი ნდობა აქვს რეგიონში, რომ ჩვენი ძალისხმევა ღრმა კვალს დატოვებს და პარტნიორთა მოლოდინი, რომ ესტონეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, კვლავ გააგრძელებს ამ ძალისხმევას, ურყევი რჩება“ – აცხადებს ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყნებს ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე მმართველობა და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, ემსახურონ თავის ხალხს და არა კორუფციის ინტერესებს. შესაბამისად, საგარეო უწყების შეფასებით, ესტონეთი განაგრძობს ორი ფართო განვითარების მიზანს: პირველი, ეს არის ევროპის პოლიტიკური ყურადღების ფოკუსირება აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერისთვის და, მეორე მხრივ, უკვე არსებული პარტნიორობის გაუმჯობესება. მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულების ინსტიტუციონალური ასპექტები გაძლიერდება, მხარს დავუჭერთ იმ თანამშრომლობის პროექტებს, რომლებიც ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებას უწყობენ ხელს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ესტონეთსა და საქართველოს შორის დაწყებული თანამშრომლობის შედეგებს, სვენ მიკსერის შეფასებით, მნიშვნელოვანია 2017 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ მინისტრის – კვირიკაშვილის განცხადება, რომ ესტონეთი არის საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა საშუალებას იძლევა, რომ დაცული იქნას ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ფუნდამენტური პრინციპი: ქვეყნების უფლება თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი, განვითარების საკუთარი გზა“, – აღნიშნავს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და დასძენს, რომ „ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ევროპის სამეზობლოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გათვალისწინებით, როდესაც ზოგიერთ პარტნიორს კვლავ ემუქრება აგრესია ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ესტონეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას რესპუბლიკის შემდგომ პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში და ასოცირების შეთანხმებების განხორციელებას, ასევე ხედავს შესაძლებლობებს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელორუსთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები